leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ყველა სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოონ.

ამის შესახებ მან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

„როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს საკუთარი საარჩევნო კამპანია. ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები მათგან განსხვავებით. კარგად მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი დაესხა თავს, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა მოწოდებები კეთდებოდა. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორიც არ უნდა იყოს ის – გინდ ფსიქოლოგიური, გინდ ფიზიკური. ყველა უნდა შევეწინაღმდეგოთ ამ ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წახალისდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა ყველა ერთად აღებული – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღმდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, მეორე მხარეს კი დგანან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

„როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი, წარმოადგენდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და დარბოდე, მაგალითად, ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არ მოაწეროს ხელი ან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს ტყუილი ხომ არ არის? ეს კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ყველაფერი სახეზეა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, სიმშვიდე იყოს და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მეორე მხარეს კი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც იმართება გარედან და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ