იტალიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ექსტრემალური სიცხის გამო მიმართავენ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.
ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 17 ქალაქში წითელი განგაში გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელ ამინდში საფრთხე ემუქრებათ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი.
იტალიის გადაუდებელი მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტმა, ფაბიო დე იაკომ თქვა, რომ სიცხის მატებასთან ერთად, იმ ქალაქებში, როგორებიცაა რომი, ფლორენცია, ვენეცია და ნეაპოლი, სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვმა 20%-ით მოიმატა.
დოქტორმა პიერპაოლო ჩიოჩეტიმ აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობა, ვისაც დახმარება დასჭირდა, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები იყვნენ.
შეგახსენებთ, იტალიაში ივლისში ექსტრემალური სიცხის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა.