left_sabechdi

გივი მიქანაძე: ჰელსინკის კომისიის დასკვნა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაა, განცხადება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად კეთდება

ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა – განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად.

„ჰელსინკის კომისიის დასკვნა ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა. მათი განცხადება, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიღებული. იმიტომ, რომ განცხადება კეთდება პირდაპირ უნდა ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ამ განცხადებაში იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლ-ცენტრები არსებობს, რომ თურმე იქ შავი ფულია, რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიას ხმარდება. სრული აბსურდია! ამას აუცილებლად სჭირდება მტკიცება. ჩვენ ველოდებით, რომ მათგან კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი, თუმცა რაც ბუნებაში არ არსებობს, წარმოდგენილი ვერ იქნება. აქვე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის რაიმე სახის განცხადება, იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომლითაც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად ამხილეს ის დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც კრიმინალმა [დავით] კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ.

ისევე, როგორც არ მახსენდება ჰელსინკის რაიმე ღია პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი მიდგომა და ფაქტების სრული დამახინჯება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება დიდი ყურადღების ქვეშ არის ქართველი ხალხის მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ