შვედეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის გუნდმა, „სირიუსმა“ ქართველი ფეხბურთელი საბა მამაცაშვილი წარადგინა.
„თბილისის „იბერიასთან“ საბა მამაცაშვილის ტრანსფერი შეთანხმებულია. ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მამაცაშვილის პროფესიული კარიერა 2021 წლის სეზონში დაიწყო, როდესაც „იბერიას“ შემადგენლობაში საქართველოს უმაღლეს ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა. 2023 წლის სეზონში იჯარით „გაგრაში“ გადავიდა, საიდანაც „იბერიაში“ 2024 წელს დაბრუნდა.
საბა ასევე იყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი, ზაფხულში კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. მამაცაშვილი „სირიუსს“ კვირის ბოლოს შეუერთდება და გუნდთან ერთად პარასკევს ივარჯიშებს, მაგრამ თამაშს რამდენიმე კვირის შემდეგ შეძლებს, როდესაც სამუშაო ნებართვას მიიღებს“, – წერია შვედური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
„იბერიამ“ საბა მამაცაშვილს ახალ გუნდში წარმატება უსურვა: „საბა მამაცაშვილი „იბერიის“ აკადემიის აღზრდილია. საბამ ახალ გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. მასთან ერთად შვედეთში იმყოფება „იბერიას“ ვიცე-პრეზიდენტი დავით ხეჩიკაშვილი. მამაც, მადლობა და წარმატებები“.