leaderboard_below_slide
left_sabechdi

The Wall Street Journal-ის სტატია ლაშა ტალახაძეზე: ეს იგივეა, 4 ლებრონ ჯეიმსი ასწიო!

ავტორიტეტულმა The Wall Street Journal-მა ქართველ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა. მისი ავტორები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშას ტრიუმფს გამოეხმაურნენ და მის დომინაციაზე დაწერეს.

„ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა ძალოსნობის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი ვერ დაიკავა. 2015 წლის შემდეგ, ლაშა ტალახაძემ სამი ოლიმპიური ოქრო და ყველა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ სამჯერ დაასახელა. რეკორდი დაამყარა აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში. დაქორწინდა და 3 გოგონას მამა გახდა.

სიკვდილსაც ჩახედა თვალებში… თუმცა, შაბათ საღამოს, ქართველი ძალოსანი ბრწყინვალე იყო, ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგო და დომინაციის მართლაც ეპიკური პერიოდი გაახანგრძლივა. ბაჰრეინელმა და სომეხმა მეტოქეებმა ტალახაძეს კონკურენცია გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ, ლაშამ, ორჭიდის ჯამში, 470 კილოგრამი დააფიქსირა და პოდიუმის უმაღლესი პოზიცია კიდევ ერთხელ დაიკავა.

მისი ტრიუმფი სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. ბოლო დეკადის განმავლობაში, მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო და ოლიმპიური ოქროს დასაკუთრების მთავარი ფავორიტი იყო. როგორც მისი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე ამბობს, ძალოსანი, რომელთან შედარებითაც NFL-ის ხაზის მოთამაშეები პატარები ჩანან, თავდაუზოგავად მომუშავე ადამიანია. 

როცა ლაშა ბავშვი იყო, მამამისმა ძალოსნობაზე მიიყვანა და ასანიძეს სწორედ იქ შეხვდა. ისინი წარმოშობით ერთი და იგივე ქალაქიდან არიან, სადაც დაახლოებით 5 000 ადამიანი ცხოვრობს. 2013 წელს, ტალახაძეს პრობლემები შეექმნა. მას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომლის მოხდის შემდეგაც, იგი დაუმარცხებელია.

ტალახაძე საქართველოში ძალიან უყვართ და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მის გამოსვლას ტელევიზორით თვალი 3.7-მა მილიონმა ადამიანმა ადევნა. ტოკიოს ოლიმპიადაზე, ლაშამ ჩემპიონობა შეინარჩუნა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი დააფიქსირა – ანუ თითქმის იმდენი ასწია, რამდენსაც 4 ლებრონ ჯეიმსი იწონის.

მიუხედავად ამისა, უცნობი იყო, პარიზში იასპარეზებდა თუ არა. მით უმეტეს, რომ სიკვდილს თვალებში ჩახედა. ორი წლის წინ, მას ოპერაცია უტარდებოდა და ანესთეზიაზე ალერგიული რეაქცია დაემართა. იგი 8 წუთის განმავლობაში კომაში იყო და მისი საყვარელი ადამიანები ძალიან ნერვიულობდნენ. 

ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, გიგანტ ძალოსანს სხვა პრობლემაც გაუჩნდა და მუხლი აწუხებს. პარიზის თამაშებამდე, მას თითქმის 1-წლიანი პაუზა ჰქონდა. ლაშა პრესასთან იშვიათად ლაპარაკობს და როცა მის მწვრთნელს ჰკითხეს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რის წყალობით გახდა, ასანიძემ განაცხადა: „ყველა საიდუმლოს ვერ გავამხელ. ის უბრალოდ მძიმე წონებს წევს“.

ეს იგივეა, თქვა საიმონ ბაილსი აკრობატულ ილეთებს აკეთებსო. ტალახაძე ცნობილია თავისი სიზუსტით, კონტროლითა და ტექნიკით. როგორც დეინ მილერი (ძალოსნობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი აშშ-ში) ამბობს, აკვრასა და ატაცში ამხელა წონების დაფიქსირება, სრული სიგიჟეა.

ლაშა საქართველოს დელეგაციის მედროშე იყო და გახსნითი ცერემონიის შემდეგ, ოლიმპიური სოფლის საკვების გიგანტურ პორციებს მიირთმევს. ტალახაძეს ქართული კერძი, ხინკალი ძალიან ენატრება და პარიზში ყოფნისას, როცა არ ვარჯიშობდა, ბიბლიას კითხულობდა ან თანაგუნდელებთან ხუმრობაში ატარებდა დროს. „დიდი ბავშვია, ძალიან დიდი ბავშვია“, – ამბობს ასანიძე და ახლა ეს დიდი ბავშვი სამი ოლიმპიური ოქროს მფლობელია“, – წერს WSJ.

ცნობისთვის, ტალახაძემ ატაცში პირველ ცდაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე – 215 კილოგრამი, თუმცა მესამე ცდა წარუმატებელი იყო. სამწუხაროდ, 220 კილოგრამი ვერ დაძლია. აკვრაში პირველ ცდაზე 247 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე – 255 კილოგრამი.

ასევე იხილეთ