არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი მტყუანია ქართული საზოგადოების წინაშე 2003 წლიდან და ასევე მატყუარად და წარსულის პოლიტიკოსად დარჩება 26 ოქტომბრის შემდეგაც
„მიხეილ სააკაშვილი მტყუანია ქართული საზოგადოების წინაშე 2003 წლიდან აქამდე და ასევე მატყუარად და წარსულის პოლიტიკოსად დარჩება 26 ოქტომბრის შემდეგაც”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს სენატორ ჯინ შაჰინისა და წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის ვიზიტის დროს მისი საკითხი განიხილეს.
„კიდევ ერთხელ წარმოჩინდა როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ კრებსითად, ისე მიხეილ სააკაშვილი, რომ გაჯერებულია ტყუილებით და ცდილობენ, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინონ საზოგადოებაში, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რაც გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილია მტყუანია ქართული საზოგადოების წინაშე 2003 წლიდან აქამდე და ასევე მატყუარად და წარსულის პოლიტიკოსად დარჩება 26 ოქტომბრის შემდეგაც“, – აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უხარია, როდესაც სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს მასზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს და არაერთ შეხვედრაზე ისაუბრა მის უკანონო პატიმრობაზე.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია, რომ ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.