leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე: ტალიავინის დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლებას

„რატომ არის ტალიავინის კომისიის დასკვნა დღემდე აქტუალური და რატომ არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასკვნის შესახებ ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე ვრცლად მიმოიხილავს „ტალიავინის დასკვნის“ შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების შეცვლილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ასევე, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იხსენებს. ექსპერტი სვამს კითხვას, რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდა “ნაციონალური მოძრაობა”, ვინაიდან, ფაქტია, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს არ ატარებდნენ.

„მგრძნობიარე და სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილ  საკითხს მინდა  შევეხო,  ყველას გვახსოვს აგვისტოს შემდეგ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია“, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მისიამ ანგარიში 2009 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. „ტალიავინის კომისიის დასკვნა“    რომელსაც ხელი ქართულმა დელეგაციამ მოაწერა მათ შორის სერგი კაპანაძემ, გიორგი კანდელაკმა და ა.შ. 

რატომ არის ტალიავინის კომისიის დასკვნა დღემდე აქტუალური და რატომ არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასკვნის შესახებ ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, დასკვნის დეტალებში შესვლამდე ერთ ამბავს გეტყვით, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. 2009 წელს წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია (1100 გვერდი) მხოლოდ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იყო ხელმისაწვდომი, ქართულმა მხარემ პირველი განცხადება  ტალიავინის დასკვნის ქართულად თარგმნის შესახებ  მხოლოდ 2013 წელს გააკეთა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ალოგიკური შეფასებები მოჰყვა, რაც ცხადყოფს,  დასკვნა მათთვის იმდენად მძიმე იყო, რომ სრული ტექსტის ქართულად თარგმნა მათთვის ხელისშემშლელი იქნებოდა, ამას მოწმობს ნაციონალური მოძრაობის წევრების და მათთან დაახლოებული ადამიანების განცხადებები. ეკა ტყეშელაშვილი: ახალი ხელისუფლების მიერ ტალიავინის კომისიის დასკვნის თარგმნა რევანშისტული პოლიტიკის ნაწილია.

რა შუაშია რევანშისტული პოლიტიკა, აგვისტოს ომი ჩვენი უახლოესი წარსულია, რომლის გაყალბების უფლება არ გვაქვს, დამნაშავემ ციხე უნდა მიიღოს, გმირებმა კი დიდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა სახელმწიფოს და ვის ინტერესებს შეეწირა საქართველოს იურისდიქციაში არსებული მიწები. 

ტალიავინის დასკვნაში მთავარი რაც წერია და რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში უნდა მოიხადოს არის შემდეგი:  საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს.

„არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლად თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა“.

იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: „არ იყო“.

დასკვნაში ასევე წერია,  ცხინვალის დაბომბვა „გრადის“ ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს „საჭირო და პროპორციულ“ ქმედებად ვერ ჩაითვლება.

ეს არის  ტალიავინის დასკვნიდან ამონარიდები, რომელსაც  ქართული დელეგაცია დაეთანხმა, სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, ვისი და რომელი სახელმწიფოს ინტერესების გატარებას ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“? ფაქტია, ისინი საქართველოს ინტერესებს არ ატარებდნენ, რადგან დასკვნა, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შედგენილი დოკუმენტია.

ტალიავინის დასკვნა იმდენად მისაღები აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური  წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო განაცხადა: აგვისტოს ომზე ტალიავინის დასკვნის მიხედვით უნდა ისაუბრონ

ასევე ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით რუსეთი ამბობს, რომ:  „რუსეთის მხარემ გამოიყენა ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პოზიციების ჩასახშობად, რომლებიც გამოიყენებოდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:  ნებისმიერი მოაზროვნე გამოიტანს 30 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენებიდან საკვანძო დასკვნას იმაზე, რომ აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ (ნაციონალურმა მოძრაობამ) წამოიწყო“.

ტალიავინის დასკვნამდე საქართველოს თუ დასავლური პრესის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, დასკვნის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა:

„უოლ სტრიტ ჯორნალი“ – „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“

„როიტერი“ – „საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ“.

„როიტერი“ – ანგარიში  თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მოსკოვს.

შეუძლებელია არ დაეთანხმო „როიტერის“ პუბლიკაციას, ტალიავინის დასკვნამ საქართველოს  რუსეთზე დიდი ზიანი მოუტანა, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც საქართველოს პოზიციები  მნიშვნელოვნად შემცირდა, შიდა ასპარეზზე კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც სჩვევიათ ,მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნის პირობებში, ჩვენთვის წამგებიანი დასკვნა გვაზეიმა, როგორც წაგებული ომი და მაპ-ზე უკეთესი….

შოკისმომგვრელია 2011 წლის 23 მაისს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ გავრცელებული  ანგარიში საქართველოს შესახებ სათაურით:

„არ შეუძლია თუ არ უნდა? არასრულყოფილი გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე“.   

მასში ნათქვამია: „უამრავი მოწმისა და სავარაუდო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ასკვნის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც უნარი და არც სურვილი არ გააჩნია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება იმ დანაშაულების დასადგენად, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში შედის და რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ“.

აღნიშნულ ანგარიშში ყველაზე მძიმე წასაკითხია სიტყვები, რომ საქართველოს იმდროინდელ მთავრობას შესაძლო დანაშაულის  გამოძიების სურვილი არ აქვს, გესმით ეს რას ნიშნავს? არსებობს ფაქტები, მაგრამ სურვილის არარსებობის გამო გამოძიება არ იწყება, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა ქართული სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა.

კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელსაც აბსურდამდე მივყავართ,  ერთ-ერთ ინტერვიუში სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი“, – დაწერა კაპანაძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:

„საქართველო უარყოფს იმას, რასაც თქვენ აბრალებთ!.. „ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა“ — რუსული ნარატივი, რომელიც ვერ დაამტკიცეს!“ — დაწერა მდინარაძემ.

შემდეგ სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ საქართველომ ცხინვალში დაბომბა სამხედრო წერტილები და არა — მშვიდობიანი მოსახლეობა.

ხვდებით, როგორ მტრულ ძალასთან გვაქვს საქმე? ტალიავინის დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლებას, ეს არის დასკვნას, სადაც ნათლად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მოღალატე ძალის ნამდვილი სახე და ზრახვები“, –  წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ