გერმანიაში ოთხმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეკო აქტივისტებმა ასაფრენი ბილიკები გადაკეტეს

გერმანიაში ოთხმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეკო აქტივისტებმა ასაფრენი ბილიკები გადაკეტეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კიოლნის/ბონის აეროპორტმა 15 აგვისტოს, დილას განაცხადა, რომ „უნებართვო შეჭრის“ შემდეგ ფრენებს დროებით აჩერებს. პოლიციის თქმით, პერიმეტრის ღობეზე ხვრელი იყო გაჭრილი. აეროპორტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამგზავრო ცენტრია.
მოგვიანებით ნიურნბერგის აეროპორტმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პროტესტის გამო დაწესებულება მუშაობას აჩერებს.
ეკო აქტივისტების ჯგუფმა – „უკანასკნელმა თაობამ“ ამ კვირაში გერმანიის რამდენიმე აეროპორტში დემონსტრაციების გამართვა დააანონსა.
მათ გაავრცელეს კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ აქციის მონაწილეებმა კიოლნსა და შტუტგარტში ასაფრენი ბილიკები გადაკეტეს. ჯგუფი აცხადებს, რომ ფრენები ბერლინის აეროპორტშიც დაბლოკეს.
„ამჟამად მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში. კლიმატის კოლაფსი ბევრი ადამიანისთვის უკვე რეალობაა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმის პრივილეგია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც გავაკეთოთ“, – წერენ აქტივისტები სოციალურ ქსელ X-ზე.
ეკო აქტივისტები გერმანიის მთავრობას მოუწოდებენ, გააფორმონ გლობალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის უარს იტყვის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარებაზე.