რატი იონათამიშვილი: სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ დაამარცხა, ვინაიდან მათ არც ერთი მიმართულებით არაფერი ჰქონდათ გაკეთებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საჯარო სამართლებრივი პროცესების წარმართვის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა არა მარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ არჩევნების შემდეგაც მოუწევთ.
მისი თქმით, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ დაამარცხა.
„სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ დაამარცხა, ვინაიდან მათ არც ერთი და არც მეორე მიმართულებით არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, მხოლოდ გაფუჭებული. თუნდაც, ჰააგის მაგალითზე, გამოძიების აქტიური ფაზა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო და სასამართლომ ნებართვა 2016 წელს გასცა.
კონკრეტული დოკუმენტები, რომელსაც ისინი ხელს აწერდნენ, საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერებით იყო სავსე და ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. როგორც ჩანს, ახლა თავადაც ეშინიათ ამის, ვინაიდან ორაზროვანი განცხადებების გაკეთება დაიწყეს, რითაც თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ. თავის მართლების რეჟიმში ყოფნა მათ არა მარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოუწევთ, არამედ არჩევნების შემდეგაც, როდესაც სასამართლო მოეწყობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.