ლელა რაზიკაშვილი: რისთვისაც ვიბრძოლეთ 2012 წელს – ქვეყანა შემოგვებრუნებინა ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებებისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ
“საზოგადოების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე – შევიდეთ კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცეში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი კარგა ხანია, ჩამორჩა საზოგადოებას და მის დაკვეთას ვერ ასრულებს.
„რაც დავუკვეთეთ, რისთვისაც ვიბრძოლეთ 2012 წელს – ქვეყანა შემოგვებრუნებინა ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებებისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ეს ყოველივე 35-წლიანი, 9 აპრილიდან სტატუსის მონიჭებამდე, ბრძოლის შედეგია. ახლა ჩვენი, ადამიანების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე, შევიდეთ კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცეში. ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ახალგაზრდობისა და საზოგადოების დაკვეთა.
ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლება და მას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ამ მიმართულებით კი, ვხედავთ, პოლიტიკური კლასი კარგა ხანია, ჩამორჩა საზოგადოებას, გაიფანტა. ისინი სხვაგან არიან, ჩვენი სოციალური დაკვეთა სხვაგანაა და იმდენად ვერ პასუხობენ, რომ აღმოჩნდა, თავის ამომრჩევლებსაც ჩამორჩნენ“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.