leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე: „ჩემი შენ გითხარიო“, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ამ დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას

„თქვენ იცით, რომ ქოლ-ცენტრების საქმე გაიხსნა სწორედ ქართული მხარის თანამონაწილეობით, ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩატარდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. ასევე თქვენ იცით, რომ ჟურნალისტური გამოძიება იყო BBC–ის მიერ წარმართული ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა. არის ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ საქმეში. ის ცხოვრობს ევროკავშირის წევრ ერთ ქვეყანაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ეს არის ის სურათი, რომელთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა საჭიროა კიდევ უფრო მეტი სიცხადე, თუმცა ეს არის რეალური მოცემულობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის ე.წ. დასკვნას, უბრალოდ არ ვიცი ამას რა დავარქვა „ჩემი შენ გითხარიო“, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ჰელსინკის კომისიის ამ დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არ შეიძლება, მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

არის საკმაოდ რთული დანაშაული და არის მთელი ქსელი შექმნილი სხვადასხვა ქვეყანაში, მარტო საქართველო არ იყო გეოგრაფიულად ის სივრცე, სადაც ასეთი ქოლ–ცენტრები იხსნებოდა. დღემდე მოქმედებს არაერთ ქვეყანაში ასეთი ქოლ–ცენტრები, რთულია გამოსაძიებლად ეს დანაშაული, თუმცა ამის მიუხედავად, პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად მოახერხა დანაშაულის გახსნა და ეს დანაშაული, როგორც მოგეხსენებათ, აღიკვეთა.

რაც შეეხება შემდგომ ინტერესს, თუ იქნება ასეთი ინტერესი, რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო უწყება არის მზად ითანამშრომლოს უცხოელ კოლეგებთან. პროკურატურა ისედაც აქტიურად თანამშრომლობს მათთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სამსახური იქნება მზად იმისთვის, რომ ინტერესის შემთხევაში მაქსიმალური ინფორმაცია გააზიაროს და მაქსიმალურად იყოს თანამშრომლობის რეჟიმში.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის რა შუაშია ამ თემასთან? ან რა კავშირია ბიძინა ივანიშვილსა და ქოლ–ცენტრებს შორის? გამოძიებაზე თუ არის საუბარი, ქართული მხრიდან არიან საგამოძიებო უწყებები და უცხოური მხრიდანაც იქნებიან საგამოძიებო უწყებები, მათ შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ