გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს და 2024 წლის სამოქმედო გეგმა, სტრატეგიული მიმართულებები და ზოგადად, რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ტყის მართვის გეგმების მომზადება, ტყის აღდგენის მასშტაბების ზრდა და მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგების მექანიზმის გაუმჯობესება მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„ტყის კოდექსის ეფექტიანი აღსრულება და სატყეო სექტორის განვითარება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ტყეების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერისთვის, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა არსებული გამოწვევების დაძლევა და დადებითი შედეგების მიღწევა კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტყის მდგრადი მართვის გასაძლიერებლად. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 700 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე ჩაატარა; ყოველწიურად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მოცულობა; ქვეყნის მასშტაბით, უკვე მოეწყო 54 „საქმიანი ეზო“ და მიმდინარე წლის განმავლობაში, კიდევ 16 „საქმიანი ეზო“ გაიხსნება; საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურები სატყეო სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა.
სატყეო სექტორის რეფორმის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე კახა კაკაბაძე და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.