left_sabechdi

თინათინ ნიბლოშვილი: რისთვის შექმენით ალტერნატიული საბჭო, რატომ არ დაუჭირეთ მხარი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმს?

„ბოლო პერიოდში ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ძალადობის მსხვერპლი ქალების ხელშეწყობისა და რეაბილიტაციის დაწესებულებების დისკრედიტაცია. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს რიგებშიც არიან და არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ ქალების გაძლიერებისთვის“, -აღნიშნულის თაობაზე განცხადება დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, სამაგიეროდ პირდაპირ ეთერში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ფემიციდის საკითხი „გაუფერულდა“ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ა. შ.

„ამაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ალტერნატიულ გენდერულ საბჭოებს ქმნიან ერთი დღისთვის, ერთი სატელევიზიო გაშუქებისთვის. მაინტერესებს, რა გააკეთეთ ქალებისთვის 3 წლის განმავლობაში ალტერნატიულ საბჭოში. რისთვის შექმენით და რატომ არ დაუჭირეთ მხარი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმს. რატომ არ ჩაერთეთ აუდიტის პროცესში, რატომ არ მუშაობთ საბჭოში, რატომ გაემიჯნეთ ამ პროცესს, რომელიც არც პოლიტიკურია და არც პარტიულ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე თქმით, უბრალოდ სირცხვილია, იღვიძებდე დილას, რთავდე პირდაპირ ეთერს, პოლიტიკოსს უწოდებდე საკუთარ თავს და ლაპარაკობდე სისულელეს. ამასთანავე ვერ აცნობიერებდე, რომ ამ შენი ტყუილებით აზიანებ ქალებს, რომლებსაც სახელმწიფო სერვისების მიმართ ნდობას უკარგავ. უჩენ განცდას, რომ სახელმწიფო არაა გვერდით და უბიძგებ გაჩუმდეს.

ოპოზიციურ ველზე ასეთი პოლიტიკოსების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მერე რატომღაც უკვირთ, რატომ ვერ იღებენ ხმებს არჩევნებზე.

როგორც თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, კრიზისულ ცენტრში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, 600 მა პირმა მიიღო მომსახურება, ხოლო 2700 მა ისარგებლა ცხელი ხაზის მომსახურებით.

საინფორმაციო კამპანიების შემდეგ მომართვიანობა 2-ჯერ და მეტჯერ იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორი ინფორმაციის გაზიარებას და ნდობის გაზრდას სახელმწიფო სერვისების მიმართ.

„თქვენს ქმედებას შემიძლია თავისუფლად ვუწოდო მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ქალებმა არ და ვერ ისაუბრონ ძალადობაზე. თქვენ კი ეთერებში კმაყოფილებმა ისაუბროთ სტატისტიკებზე“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

ასევე იხილეთ