ირაკლი ქადაგიშვილი: როცა იქნება გამჭვირვალობა, აღარ იქნება საფრთხე და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა NED სხვადასხვა არასამთავრობოებს, მათ შორის, არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ISFED-ის შემთხვევაში აკეთებდა
„NED-თან დაკავშირებით, ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ითვალისწინებს სწორედ გამჭვირვალობას და ღიაობას. როცა იქნება გამჭვირვალობა და ღიაობა, მაშინ აღარ იქნება საფრთხე, საშიშროება და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა ეს ორგანიზაცია სხვადასხვა არასამთავრობოებს, მათ შორის, არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ISFED-ის შემთხვევაში აკეთებდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “დემოკრატიის ეროვნულ ფონდზე“ (NED) გამოქვეყნებული სტატიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ქადაგიშვილს მაგალითად მოჰყავს აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე NED-ის სრული გამჭვირვალობის ვალდებულება და აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის თანახმად, რა ანგარიშვალდებულებაც ამ ორგანიზაციას საკუთარი ქვეყნის მიმართ აქვს, დაახლოებით იმის 10 პროცენტი სურთ, რომ საქართველოში იყოს, რათა არასამთავრობო სექტორი მუდმივად არ იყოს მსგავსი სახის ეჭვების სამიზნე. დეპუტატის თქმით, გამჭვირვალობა ყველაზე კარგი პრევენციაა.
„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, გადატვირთვაზეც სწორედ ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება. გამჭვირვალობა არის ყველაზე კარგი პრევენცია. ამ ორგანიზაციას თავისი სახელმწიფოს, აშშ-ის წინაშე სრული გამჭვირვალობა აქვს, სრულად ინფორმირებულია ამერიკის სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი და მათი დაფინანსება მათგან მომდინარეობს, აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონი რას ითხოვს – რა ანგარიშვალდებულებაც მათ აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, დაახლოებით იმის 10-პროცენტიანი ვალდებულება გვინდა რომ საქართველოში იყოს, რომ ელემენტარული გამჭვირვალობა არსებობდეს და არასამთავრობო სექტორი არ იყოს მუდმივად ასეთი ტიპის ეჭვების ქვეშ.
ყოველთვის, დიდი სახელმწიფოები ცდილობენ, თავიანთი იდეოლოგიური, სხვა ფასეულობითი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები განახორციელონ. ამისთვის, რა თქმა უნდა, იყენებენ როგორც პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სადაზვერვო მეთოდებს, იყენებენ აგრეთვე ე.წ. რბილ ძალასაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ, როდესაც ხარ მეგობრული, პარტნიორული ქვეყანა, აქ, რა თქმა უნდა, თამაშის წესები უნდა იყოს გაცილებით უფრო მეგობრული, ღია და მათ შორის, ფასეულობათა გავრცელებისა და დამკვიდრების პროცესში, უნდა იყოს გათვალისწინებული სწორედ იმ ქვეყნის საუკეთესო ინტერესები, რომელთანაც ეს პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობა გაგაჩნია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, საქართველოს სურს, ფასეულობების გავრცელების კუთხით არსებული ურთიერთობებიც პარტნიორული და გამჭვირვალე იყოს. ქადაგიშვილის განცხადებითვე, საქართველო დაინტერსებულია მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით და არა ანტიჩინური ან ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილად ყოფნით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული და ზოგადად, ატლანტიკური ცივილიზაციური ფასეულობები და სწორედ ამიტომაც არის, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგით რაც შეიძლება პროფესიული, მიუკერძოებელი კვლევებით არსებობდეს, ყველგან ჩანს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით, ადამიანის უფლება იქნება, ბიზნესი, ეკონომიკა თუ მმართველობის გამჭვირვალობა – აშკარა წარმატებას აღწევს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვინდა დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაშიც, მათ შორის, ფასეულობების გავრცელების კუთხით მიმართულ ურთიერთობებშიც იყოს პარტნიორული და გამჭვირვალე ურთიერთობა.
საქართველოს ინტერესებში არ შედის, ორ დიდ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების ინიციატორი იყოს. ჩვენს ინტერესებში შედის ერთი რამ – საქართველო იყოს განვითარების, იდეების კონცენტრაციის ადგილი, ლოჯისტიკური კავშირის დამამყარებელი ევროპასა და აზიას შორის და საქართველო იყოს თავისუფლების და დემოკრატიის ადგილი. ასე რომ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ან ანტიჩინური, ან მით უმეტეს, ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილი გავხდეთ, უბრალოდ, ჩვენი ინტერესია, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.