„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ აზრი გამოთქვა თავისი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
„ვიმედოვნებდი, რომ სიტუაცია „ნაპოლიში“ უკეთესი იქნებოდა, ველოდი სასიამოვნო სიურპრიზებს, მაგრამ მათი პოვნა რთული აღმოჩნდა. ვფიქრობდი, რომ არ უნდა მეთქვა უარი ყველაფერზე, რაც შარშანდელ სეზონში იყო, მაგრამ აღმოვჩნდი სიტუაციაში, როცა გუნდიდან 9-10 ფეხბურთელი წავიდა. სხვა გუნდებში უფრო მდგრადი სიტუაციაა, ისინი, უბრალოდ, ახალ ფეხბურთელებს ყიდულობენ.
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, მაგრამ ახლოს ვართ ამასთან. თუმცა მე ეს არ მაშინებს: უმჯობესია, პატიოსნად აღიარო, რა პრობლემებთან გიწევს გამკლავება. გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ და მე ვთხოვ მათ, რომ გაერთიანდნენ.
მე არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება „ნაპოლის“ კონკურენტუნარიან დონეზე დასაბრუნებლად – ექვსი თვე თუ სამი წელი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და პანიკას არ უნდა მივეცეთ. თამამები უნდა ვიყოთ.
არ არსებობს არანაირი მსგავსება „იუვენტუსთან“. ჩემპიონობა, რომელიც ორი წლის წინ გვქონდა, ხაფანგია, რომელსაც შეცდომაში შევყავართ და ილუზიას ქმნის, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ასეთი არ არის. ვისურვებდი, ყოფილიყო მსგავსება თავის მაღლა აწევის სურვილში, როგორც ეს „იუვენტუსში“ იყო“, – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა.
„ნაპოლი“ კვირას ჩაატარებს სერია A-ს პირველი ტურის მატჩს „ვერონას“ წინააღმდეგ.