დავით ქართველიშვილი: ლატვიაში მიმდინარე უარყოფითი პოლიტიკურ-სოციალური პროცესების ფონზე, კითხვა – „დავეწიოთ თუ არა ამჟამად უკვე ლატვიას?“ − რიტორიკულ შეკითხვებს უნდა მივაკუთვნოთ
„იმ აკვიატებულ მოწოდებებს, რომ საქართველოს მართებს მოლდოვასა და უკრაინას „დაეწიოს“, მიემატა კიდევ ერთი ჭკუის სწავლება, ამჯერად უკვე – ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ლატვიიდან. ამიტომ, გავეცნოთ ამ ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას. ვნახოთ, რა გვაქვს მისაბაძი და რასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ლატვიაში მიმდინარე უარყოფითი პოლიტიკურ-სოციალური პროცესების ფონზე კითხვა – „დავეწიოთ თუ არა ამჟამად უკვე ლატვიას?“ − რიტორიკულ შეკითხვებს უნდა მივაკუთვნოთ.
„თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს – არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს“, − ასე განაცხადა საქართველოს შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ედგარს რინკევიჩმა, ლატვიის პრეზიდენტმა.
იმ აკვიატებულ მოწოდებებს, რომ საქართველოს მართებს მოლდოვასა და უკრაინას „დაეწიოს“, მიემატა კიდევ ერთი ჭკუის სწავლება, ამჯერად უკვე – ევროკავშირისა და NATO-ს წევრი-ლატვიიდან. ამიტომ, გავეცნოთ ამ ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას. ვნახოთ, რა გვაქვს მისაბაძი და რასთან გვაქვს საქმე.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მანიშნებელი, რომელიც მეტყველებს ქვეყანაში მიმდინარე ვითარებაზე − დემოგრაფიული და მიგრაციული სიტუაციაა. ანუ, ქართული ოპოზიციის ყველაზე საყვარელი თემა, ხელისუფლების გაკრიტიკების თვალსაზრისით. სკოლებისა და საბავშვო ბაღების ამჟამად მიმდინარე მასობრივი დახურვა, 1991 წლის შემდეგ, ლატვიაში მომხდარი დემოგრაფიული კატასტროფის კიდევ ერთ დასტურს წარმოადგენს. რა არის ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში მოსახლეობის სწრაფი შემცირების ძირითადი მიზეზები და კიდევ როგორი შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში? ლატვიის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე ქვეყანა გეგმავს 54 სკოლისა და საბავშვო ბაღის ლიკვიდაციას ან რეორგანიზაციას (ანუ სხვებთან შერწყმას).
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის ან დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელთა ტერიტორიაზეც ისინი არიან განლაგებული. ამ გადაწყვეტილებას იღებენ იმ ბავშვების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც მზად არიან შევიდნენ ამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ამჟამად რეგიონულ მუნიციპალიტეტებში სულ უფრო და უფრო ნაკლები არასრულწლოვანია. ლატვიაში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის ამჟამინდელი ტალღა შორს არის პირველისგან − სტატისტიკის მიხედვით, სსრკ-ის დატოვების შემდეგ, რესპუბლიკამ დაკარგა 400-ზე მეტი სკოლა. მაგრამ ეს „სასიკვდილო მრუდი“ დღემდე გრძელდება: სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ახლა ქვეყანაში ერთ ქორწინებაზე მოდის შვიდი სიკვდილი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი ორჯერ აღემატება ლატვიის რესპუბლიკის ახალშობილ მოქალაქეებს.საერთო ჯამში, 1990 წლიდან ლატვიამ დაკარგა (მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით) 785 132 ადამიანი (მოსახლეობის 30,43%). წლების განმავლობაში ადგილობრივმა ქალაქებმა დაკარგეს 533 118 მოსახლე, ზარალის ლომის წილი მსხვილ ქალაქებზე მოდის (რიგა, დაუგავპილსი, ლიეპაია, ჯელგავა, ვალმიერა, რეზეკნე, ვენცპილსი, ჯეკაბპილსი) − 479 639 ადამიანი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ლატვიის მოსახლეობა მილიონ 863 ათასი ადამიანი იყო. რიგის საქალაქო კრების დეპუტატი ინა გიორი დამთრგუნველ მაჩვენებლებს ავრცელებს: „ერთი წლის წინ 22,5 ათასით მეტი მოქალაქე იყო, ვიდრე ახლა. ეს არის ქალაქ ვალმიერას სავარაუდო მოსახლეობა, რომელიც ლატვიამ ერთ წელიწადში დაკარგა. მოსახლეობის შემცირების იგივე ტემპი რამდენიმე წლის განმავლობაში, 2022 წლამდე იყო დემონსტრირებული. 2022 წლიდან გარკვეული ზრდა ფიქსირდებოდა უკრაინიდან ლტოლვილების გამო, ახლა კი ისევ კლებაა. ლტოლვილებსაც კი არ სურთ ლატვიაში დარჩენა! ქვეყანას სამუშაო ასაკის ბევრი ლატვიელიც ტოვებს. მოსახლეობა დაბერებულია, პენსიების გადახდა სახელმწიფოს უფრო გაუჭირდება…“ − ბრძანებს ლატვიელი დეპუტატი.
ლატვია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობს გარე მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით − ძირითადად თვითმკვლელობების ხარჯზე. 2022 წელს (2023 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი) ამ ქვეყანაში თვითმკვლელობის 240 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 51%-ში მსხვერპლს ალკოჰოლური დამოკიდებულება ჰქონდა. ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის მიერ მომზადებულ ანგარიშში მითითებულია, რომ მამაკაცები განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში არიან: სუიციდის შედეგად მათი სიკვდილიანობა 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. თვითმკვლელობა სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია 25-74 ასაკობრივ ჯგუფში და მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი 15-24 და 75+ ასაკობრივ ჯგუფებში. ლატვიის 120 ათასზე მეტი მცხოვრები განიცდის დეპრესიას, მაგრამ მხოლოდ 10 ათასი რეგულარულად მიმართავს ექიმების დახმარებას. სტრესულ სიტუაციებში ადამიანები ნუგეშს ხშირად ალკოჰოლში ეძებენ, მაგრამ ალკოჰოლი ძლიერი დეპრესანტია, ამიტომ ადამიანი ე.წ. მოჯადოებულ წრეში ხვდება.
„ალკოჰოლის მოხმარება ზრდის ფსიქო-ემოციურ პრობლემებს, ასევე, ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობის განვითარებას და ამით ზრდის თვითმკვლელობის რისკს. ლატვიის მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, მოწევა, ქრონიკული ფიზიკური დაავადებები, დაბალი თვითშეფასება და დაბალი შემოსავალი არის სერიოზული რისკ-ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დეპრესიის განვითარებას“, − განმარტავს ლატვიელი ფსიქიატრი ელენა ვრუბლევსკაია. ალკოჰოლის მოხმარების მხრივ, ლატვია (ლიეტუვასთან და ჩეხეთთან ერთად) ასევე გახდა ევროკავშირის ლიდერი, რაც მიუთითებს იმ სავალალო ფსიქოლოგიურ კლიმატზე, რომელიც რესპუბლიკაში შეიქმნა.
ნეგატიურ დემოგრაფიულ ბალანსს მასობრივი ემიგრაცია ამწვავებს. „მთავარია გავიგოთ, რატომ მიდიან ადამიანები და რას გვეუბნებიან გამოკითხვები. მათ სურთ ცხოვრება და არა – თვითგადარჩენა. უამრავი ადამიანია, ვინც ძლივს უმკლავდება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას ხელფასიდან ხელფასამდე: მათ არ შეუძლიათ უბრალოდ შევიდნენ მაღაზიაში და იყიდონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ“, − განმარტავს დემოგრაფი ინტა მიერინა. მისი თქმით, ლატვიელების დიდი ნაწილი არ არის დარწმუნებული თავის მომავალსა და სტაბილურ შემოსავალში და ამიტომ ისინი აკეთებენ არჩევანს სხვა ქვეყნების სასარგებლოდ.
მოსახლეობის მზარდი ნაკლებობა, ბუნებრივია, იწვევს ეკონომიკური აქტივობის შემცირებას. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლატვიაში სამრეწველო წარმოება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3%-ით შემცირდა. ადგილობრივი სტანდარტის მიხედვით, მსხვილმა ლატვიელმა მეწარმემ, ჩიპების მწარმოებელმა (Long Chips-ის მფლობელმა) ლაიმონის რაძინსმა განაცხადა, რომ აპირებს ახალი საწარმოს გახსნას კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა). მიზეზი დევს მთავრობის თავშეკავებაში ქვეყანაში უცხოეთიდან მოწვეული მუშაკების საიმიგრაციო წესების გამარტივების თვალსაზრისით და ლატვიის ბანკების კაბალურ საკრედიტო პოლიტიკაში. რაძინსი ჩივის, რომ „ლატვიაში ბიზნესის წარმოების შეწყვეტა არ არის თვითმიზანი, მაგრამ ის უნდა განვითარდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი განხორციელებისთვის შესაფერისი პირობებია. ლატვიაში კი უფრო მეტი სირთულეა, ვიდრე განვითარება“.
ლატვიურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა „Dienas Bizness“-მა გამოაქვეყნა სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანამ ვერ ისარგებლა სსრკ-იდან მემკვიდრეობით მიღებული ინდუსტრიული ბაზით და უღიმღამოდ გაფლანგა იგი. „შედეგად, ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობა კონკრეტულად საექსპორტო პროდუქციის წარმოებასა და სერვისების შექმნაზე დაიკარგა“, − სევდიანად აღნიშნავს ყოველკვირეული. ქვეყნის შემოსავლის ერთადერთ საიმედო წყაროდ რჩება ევროკავშირის სუბსიდიები. მათ გარეშე, მაგალითად, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6.3%-ს შეადგენდა, მაგრამ ევროკავშირმა ლატვიას 1.134 მილიარდი ევრო გადაურიცხა და დეფიციტი მშპ-ის „მხოლოდ“ 2.3%-მდე დაეცა.
რიგის სტრადინსის უნივერსიტეტის პროფესორი დაინის ზელმენისი აღნიშნავს: „ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ლატვიამ გაფლანგა ათობით მილიარდის მოცულობის აქტივები − მათთან ერთად სამუშაო ადგილებიც დაიკარგა… მუდმივად ვცდილობთ ლატვიაში მხოლოდ რაღაცის დემონტაჟს, მუდმივად ვეძებთ ყველა სახის იარაღსა და შესაძლებლობებს, რათა რამე ახალი კი არ შევქმნათ, არამედ არსებული გავანადგუროთ. თავის მხრივ, მეზობელი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში სრულიად საპირისპირო მიდგომებია – როგორ ავაშენოთ, როგორ მოვიზიდოთ პოტენციური ინვესტორები, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“.
თუმცა, ლატვიის მთავრობა ყველა ამ პრობლემას უგულებელყოფს. მათი თქმით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია „გარე და შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, ანუ ქვეყნის მილიტარიზაცია. ვინაიდან ეკონომიკა სტაგნაციაშია, ხელისუფლება გამოსავალს გადასახადების გაზრდაში ხედავს. „არ არის გამორიცხული, რომ უკვე მომავალ წელს დღგ-ის განაკვეთი „დროებით“ ერთი-ორი პროცენტით გაიზარდოს. ასევე, იგეგმება ბუნებრივ რესურსებზე და აქციზის გადასახადების გაზრდა… უკვე ნათელია, რომ 2026 წელს საკადასტრო ღირებულების „გაყინვის“ გამო, ქონების გადასახადის ოდენობა გაიზრდება“, − პროგნოზირებს ლატვიელი ჟურნალისტი აბიკ ელკინი. ასე რომ, „დავეწიოთ თუ არა ამჟამად უკვე ლატვიას?“ − რიტორიკულ შეკითხვებს უნდა მივაკუთვნოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.