ირაკლი კირცხალია: შიდა ჭორაობები, სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, დედა პარტიის ირგვლივ შეიკრნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
„შიდა ჭორაობები, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, იმ დედა პარტიის ირგვლივ შეიკრნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტია „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება.
მისი განცხადებით, ისინი მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებული იყვნენ.
„ერთი კითხვა მაქვს როგორც ჟურნალისტებთან, ისე იმ პარტიებთან, რომლებიც გაერთიანდნენ, როდის არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები? – ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ. ერთადერთი, უბრალოდ, საზოგადოებას აყურებინეს შიდაპარტიული დაპირისპირებები – შიდა ჭორაობები, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ისინი ყოველთვის იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. ამით თუ უნდათ ახლა საზოგადოებას რაღაც სიახლე ანახონ, ბაკურიანში წავლენ თუ ბახმაროში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ერთი იყვნენ მუდმივად და გუშინაც იგივე ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
რაც შეეხება წინასაარჩევნოდ პარტიის პერსპექტივებს, ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რომ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკა“ ვარ უნდა დაავიწყდეს.
„თუ მეკითხებით, როგორ შევაფასებ მათი პერსპექტივას პოლიტიკურად, მორალურად, დარწმუნებული იყავით, რომ სამწუხაროდ, მათი რეიტინგი არის ნულს ქვემოთ. კიდევ არის ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი, რომელიც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ერთიანდება, მაგრამ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მცირდება იმიტომ, რომ საზოგადოება ბრძენია. ამ არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი ისტორიულ მინიმუმს მიიღებენ და ქართული საზოგადოება საბოლოოდ გამოუტანს მათ განაჩენს, კიდევ ერთხელ დაინახავს ის მცირე ამომრჩეველი, რა ძალასთან ჰქონდათ საქმე და საერთოდ, ვის უჭერდნენ მხარს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოზიციების ცვლილება გასაკვირი არ არის.
„მათ საერთოდ არ აწუხებთ ეს და ამას საზოგადოება კარგად ხედავს. არანაირად არ არის გასაკვირი მათი პოზიციების ცვლილება. ოღონდ მანდატი მოიპოვონ, ბარიერი გადალახონ და როგორმე დაიკავონ სასესიო დარბაზში ადგილი, ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ზოგადად, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ყველაფერზე ხელმომწერია და რაზე მოაწერეს ხელი 2012 წლამდე ხელი, ეს ყველას კარგად გვახსოვს“,– განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.