რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა
აზერბაიჯანმა საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია „ბრიქსში“ გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, – ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ განაცხადა.
„ბრიქსში“ გაწევრიანების მსურველთა დიდი რიგია. აზერბაიჯანმა ასეთი სურვილი მართლაც გამოთქვა. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე ჩვენს რუს კოლეგებთან, მაგრამ ესეც პროცესი და სამუშაო საკითხია“, – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა კითხვაზე პასუხად, აქვს თუ არა ბაქოს ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად წარდგენილი განცხადება.
აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს.
„ბრიქსი“ დაარსდა 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის და ჩინეთის მიერ, ხოლო სამხრეთ აფრიკა შეუერთდა 2011 წელს. 2024 წლის პირველ იანვარს ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს ასოციაციას რუსეთი თავმჯდომარეობს. მთავარი ღონისძიება იქნება ორგანიზაციის სამიტი ყაზანში 22-დან 24 ოქტომბრამდე.