სოსო მანჯავიძე: ვერაფრით მიპატიებია ხელისუფლებისათვის – ასე ყველგან გზების მიყვანა როგორ შეიძლება? გარდა ამისა, ეს გაზის მიყვანა რაღა არის? თითქმის ყველა მაღალმთიან სოფელში გაზია მიყვანილი
„ჩვენი საქართველო მართლაც სამოთხეა, სადაც არ გათხარო, ყველგან შეიძლება გათხარო, როგორც ჩვენმა საამაყო მადამ პღეზიდანმა სთქო. მაგრამ ერთი რამ ვერაფრით მიპატიებია ხელისუფლებისათვის – ასე ყველგან გზების მიყვანა როგორ შეიძლება?“ – წერს ხუმრობით ექსპერტი სოსო მანჯავიძე.
მანჯავიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს იმაზე, თუ რამდენად გაადვილდა გადაადგილება საქართველოში ახალი გზების მეშვეობით. მანვე აღნიშნა, რომ დღეს თითქმის ყველა მაღალმთიან სოფელში გაზია მიყვანილი.
„თბილისიდან გავედით ცხრა საათზე. საჩხერიდან გადავედით ახალი გზით რაჭაში. მოკლედ, ღებში სადღაც 1.45 საათში ვიყავით.
მოვილოცეთ მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და ჩავედით ქულბაქში, მწვანე ტბაზე.
მიწიერი წალკოტია.
მეორე დილას ადრე ოყურეშიდან ცხენისწყლის ხეობით ავედით ხვამლზე, ახალი ბეტონის გზა ბოლომდეა მიყვანილი.
საოცარი ხედებია იქიდან, ბუნებრივი ბოტანიკური ბაღია ხვამლი, რომ არაფერი ვთქვათ მითოლოგიურ და მისტიურ მხარეზე.
ხვამლიდან დავეშვით ლენტეხში, ვერ გაძღები ადამიანი პეიზაჟებით.
კოხტა და ლამაზ ლენტეხში კულინარიული შედევრი – კუბდარი გეახელით და ასე სამი საათისთვის გადავწყვიტეთ, ახალი გზით ავსულიყავით უშგულში.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილ-ადგილ გზას აგებდნენ, რამაც ცოტა შეგვაფერხა, ორ საათში დიდებულ უშგულში ვიყავით.
ორი საათი გავჩერდით, რამდენჯერაც უნდა ნახო, იმდენჯერ რაღაც საოცარი განცდა გეუფლება იქ. წამოვედით და ცხრა საათზე უკვე ახალდაჭერილი ორაგულით ვიქცევდით თავს.
მეორე დღეს წამოვედით თბილისში. სულ არასრული სამი საათი დაგვჭირდა.
ჩვენი საქართველო მართლაც სამოთხეა, სადაც არ გათხარო, ყველგან შეიძლება გათხარო, როგორც ჩვენმა საამაყო მადამ პღეზიდანმა სთქო.
მაგრამ ერთი რამ ვერაფრით მიპატიებია ხელისუფლებისათვის – ასე ყველგან გზების მიყვანა როგორ შეიძლება?
ბეტონის გზები ვჭამოთ?
სულ დააპატარავეს ეს ჩვენი საქართველო, ადრე დიდი რომ გვეგონა!
რუსული გეგმაა აშკარად! ბეტონის გზებზე ხომ რუსული მძიმე ჯავშანტექნიკა გადაადგილდება!
გარდა ამისა, ეს გაზის მიყვანა რაღა არის?
თითქმის ყველა მაღალმთიან სოფელში გაზია მიყვანილი.
აზერბაიჯანს გაზი ელევა და რუსული გაზით როგორ უნდა მოიხმარო თავმოყვარე ქართველმა?
ისე, ხუმრობა იქით იყოს და – ეს გზები და გაზიფიკაცია სააკაშვილს რომ მოესწრო, თავის დროზე ისე გააპიარებდა, რომ ახლაც პრეზიდენტი იქნებოდა, სულ რომ მთელი საქართველო ეტარებინა ექსკურსიებზე ნარაზენის ტყეში“, – წერს სოსო მანჯავიძე Facebook-ზე.