„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება“, – აღნიშნულია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა.
„საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.
2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.