leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე: ზედმეტი მტკიცებაც არ გვჭირდება, სახელი და გვარებიც მეტყველებს, რომ ეს არის ერთი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“

„ორ თვეში არჩევნებია და ბევრს ვნახავთ ასეთ დაშლებს, გაერთიანებებს, რებრედინგებს, მაგრამ წარსულის რებრედინგს ვერ გააკეთებ და წარსულს ვერ ამოშლი. ზედმეტი მტკიცებაც არ გვჭირდება, სახელი და გვარებიც მეტყველებს, რომ ეს არის ერთი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, მსგავს გადაჯგუფებებს კიდევ ვიხილავთ, მაგრამ ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ და წარსულს ვერ წაშლიან.

„ამასაც ვამხელდით, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, აი ამ „საპნის ოპერის“ ჟანრიდან, კიდევ ბევრს ვნახავთ. ერთი დღე დამისახელონ აი ეს სახეები, რომლებიც დღეს ხან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდიან, ხან მის ანასხლეტებში, როდის არ იყვნენ ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები?! როდის არ იყვნენ ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამტარებლები?! და კიდევ ერთს ვიტყვი, როგორ შეიძლება ძველი სახეების, პირდაპირ აფილირებული პოლიტიკოსების გადანაცვლებით ხალხს და საზოგადოებას მიაყენო შეურაცხყოფა და უთხრა, რომ ეს არის ახალი სახე და ახალი სისხლი.

რაც შეეხება გადასვლებს, გადმოსვლებს, შეერთებებს, ვითომ ახალი სახის მიერთებებს და ა.შ. ბევრი ვნახეთ ამ ფლანგზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი ჰქვია, მარტივი არითმეტიკული შეკითხვა მაქვს – ერთს რომ ერთი, ორი ან სამი ნული მიუმატო, ხომ დარჩება ერთი? აი, ეს არის და მეტი არაფერი. ზოგადად ყველაფრის შეზელა, უპრინციპობა, უღირსობა და ასე შემდეგ, არ მინდა სახელებს და გვარებს შევეხო, მათი მხრიდან გასაკვირი არ არის. ასე რომ, კიდევ ბევრს ვნახავთ ასეთ გადასვლა-გადმოსვლებს, მაგრამ ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, მეხსიერებაც კარგი აქვს და ბრძენია საზოგადოება. ისინი წარსულს ვერ წაშლიან. იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაჩირქდა და ახლა არის მცდელობა, მათი პატრონების დავალებით, როგორმე ამ ანასხლეტებმა 5%-იანი ბარიერი გადალახონ და შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ შედეგი არის ერთი და ეს შედეგი არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ შედეგი და ამას მივიღებთ 26 ოქტომბერს, ისტორიულ მინიმუმს დაწერენ ისინი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე იხილეთ