left_sabechdi

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობას მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს. მემორანდუმი გულისხმობს, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ მებრძოლის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს.

„ძალიან საინტერესო, სახელმწიფოებრივად გააზრებული ინიციატივაა. ეს არის ეროვნული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომავალ თაობებზე. თავგანწირვა და პატრიოტიზმი არასდროს იკარგება. მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაგვიადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული პროექტი იქნება“, – განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

როგორც მხარეებმა ისაუბრეს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფას, დაფასებას და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი.

ასევე იხილეთ