“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას და პარტიის მხარდამჭერებს მცხეთაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით მიმართა.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” ამომრჩეველს აძლევს პირობას, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებით, ოჯახის ინსტიტუტის დაცვით, ქართული კულტურის განვითარებით და ტრადიციების შენარჩუნებით, გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. კახა კალაძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან იწყებს.
“ამ წმინდა ადგილთან ასოცირდება ქართული ქრისტიანული კულტურა. მცხეთა-მთიანეთის მხარეშია აღმართული ჩვენი ყველაზე დიდი სალოცავები. აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, როგორც სიმბოლო ქრისტიანობასთან ქართველი ერის მარადიული კავშირისა. დიახ, ქრისტიანული კულტურა და ქართული ცნობიერება განუყოფელია, რადგან სწორედ ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რამაც ქართველი ერი გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა ერთიანი, მძლავრი ქართული სახელწიფოს შექმნას. ამიტომაც არის, რომ ქართველისთვის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან არის გაიგივებული. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია. ფსევდოლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი ცდილობს გაანადგუროს მთავარი ღირებულებები- რწმენა, ოჯახი, სამშობლო. მეგობრებო, შემთხვევითი არაა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან ვიწყებთ. სწორედ აქედან ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას მთავარ პირობას- ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ჩვენი ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, რათა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში,”- აღნიშნა კახა კალაძემ. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის განცხადებით, დღეს ქვეყნა რთული გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ყველა სირთულე დაძლევადია იქ, სადაც არსებობს საზოგადოების ერთობა და მხარდაჭერა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური მობილიზაციისკენ. “ყველას კარგად ესმის, გამოწვევები, რის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო, რთულია. ვნახეთ, როგორ ცდილობენ თეთრზე შავის მტკიცებას, როგორ უტიფრად გვიცხადებენ, რომ გამჭვირვალობის უფლება არ გვაქვს, როგორ ამკვიდრებენ დემოკრატიის სახელით ფაშიზმს, როგორ სურთ, თავს მოგვახვიონ თავიანთი ინტერესები, რაც შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ინეტერესებთან. თუმცა, არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, რაც ჩვენს ერთობას მოაქვს. ამის მაგალითია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობის ნება, რამაც ნიღაბი ჩამოხსნა “დემოკრატიის შუქურად” შერაცხულ სააკაშვილის რეჟიმს და უარი უთხრა ძალადობას, სიცრუეს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ასეთი ერთობით, ასეთი მხარდაჭერით, ჩვენ ყველანაირ დაბრკოლებას დავძლევთ. ყველაზე დიდი ძალა ხართ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ვერავინ წაართმევს არჩევანის უფლებას- იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, დაიცვას საკუთარი რწმენა და ტრადიციები და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. უნდა გვახსოვდეს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წყვეტს არა პოლიტიკური პარტიების, არამედ ქვეყნის ბედს. ყველაფერი თქვენ ხელშია! მჯერა, საქართველოს არჩევანი იქნება მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ სვლა! ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების, გამთლიანების და გაძლიერების საწინდარია! ეს ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის გარანტია! ეს ჩვენი ვალია წინაპართა ხსოვნის წინაშე! გამარჯვება საქართველოს!”,– განაცხადა კახა კალაძემ.