ამირან სალუქვაძე: ან სალომე ზურაბიშვილი ასრულებს დანაპირებს „არა და არასდროს“, ან იწყალებს იმპიჩმენტის საფასურად…
„თუ შეიწყალებს სააკაშვილს, ე.ი. ზურაბიშვილს და ნაციონალებს შორის ვაჭრობა და გარიგება შედგა იმპიჩმენტის ჩაგდებისას“, – წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
„ძალიან გაააქტიურეს სააკაშვილის შეწყალების თემა. კარგი სპექტაკლია დადგმული: ევროპარლამენტის რეზოლუცია, ხელმოწერების შეგროვება, მეუფე იობი… სხვა ჯგუფებსაც ჩართავენ.
სხვათაშორის, მეუფეს შეუძლია, ცოდვები შეუნდოს. შეწყალების თხოვნა, სჯობს, მრევლთან შეათანხმოს, განსაკუთრებით დაზარალებულებთან.
ყველაზე მეტად ზუსტად ესაა მიუღებელი: არავინ ესაუბრება დაზარალებულებს, მით უმეტეს, არც ბოდიშის მოხდას აპირებს ვინმე.
15 დეკემბერს დავწერე, რომ თუ შეიწყალებს სააკაშვილს, ე.ი. ზურაბიშვილს და ნაციონალებს შორის ვაჭრობა და გარიგება შედგა იმპიჩმენტის ჩაგდებისას. ხომ გვახსოვს კონსულტაციები და მაშინდელი განცხადებები?! ახლაც იმავე აზრზე ვარ.
როცა საუბრობენ, რომ სააკაშვილის შეწყალება შეამცირებს პოლარიზაციას, ესაა უტიფარი სიცრუე. პირიქით, გააღრმავებს. სხვათაშორის, შეწყალება გააღრმავებს ანტიდასავლურ განწყობებსაც.
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონები გათვლას იმაზეც აკეთებენ, რომ შეწყალების ფაქტმა, შესაძლოა, „ოცნების“ მომხრეების გარკვეული ნაწილი გაანაწყენოს. რეალურად, შესაძლოა, პირიქით მოხდეს და ამომრჩევლის მობილიზება გამოიწვიოს.
მოკლედ, სულელი არავინაა. ორი ვარიანტია: ან სალომე ზურაბიშვილი ასრულებს დანაპირებს „არა და არასდროს“, ან იწყალებს იმპიჩმენტის საფასურად.
მყისიერად რომ არ შეიწყალებდა, ისედაც გასაგები იყო. ძალიან აშკარა იქნებოდა. ამიტომ საჭირო იყო დროის გაწელვა და დამხმარე აქციები: რეზოლუცია, სააკაშვილის მომხრეების ხელმოწერები და ა. შ.“ – წერს ამირან სალუქვაძე.