leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო. მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ დღეს, მივესალმები მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას, მივესალმები მთელს საქართველოს ჩვენი ქვეყნის უძველესი დედაქალაქიდან!

ამ წმინდა ადგილთან ასოცირდება ქართული ქრისტიანული კულტურა. მცხეთა-მთიანეთის მხარეშია აღმართული ჩვენი ყველაზე დიდი სალოცავები. აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, როგორც სიმბოლო ქრისტიანობასთან ქართველი ერის მარადიული კავშირისა.

დიახ, ქრისტიანული კულტურა და ქართული ცნობიერება განუყოფელია, რადგან სწორედ ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რამაც ქართველი ერი გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა ერთიანი, მძლავრი ქართული სახელმწიფოს შექმნას.

ამიტომაც არის, რომ ქართველისთვის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან არის გაიგივებული.

ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება.

ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია.

ფსევდო ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი ცდილობს გაანადგუროს მთავარი ღირებულებები, რომელიც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის – რწმენა, ოჯახი, სამშობლო.

მეგობრებო, შემთხვევითი არაა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან ვიწყებთ. სწორედ აქედან ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას მთავარ პირობას- ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ჩვენი ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, რათა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში.

მხოლოდ

მშვიდობით,

მხოლოდ ღირსებით,

მხოლოდ კეთილდღეობით,

მხოლოდ ევროპისკენ! – ეს არის ჩვენი დამოკიდებულებადა მიდგომები, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ყველას კარგად ესმის გამოწვევები, რის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო, მართლა ძალიან რთულია. ვნახეთ, როგორ ცდილობენ თეთრზე შავის მტკიცებას, როგორ უტიფრად გვიცხადებენ, რომ გამჭვირვალობის უფლება არ გვაქვს, როგორ ამკვიდრებენ დემოკრატიის სახელით ფაშიზმს, როგორ სურთ, თავს მოგვახვიონ თავიანთი ინტერესები, რაც შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან.

თუმცა, არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, რაც ჩვენს ერთობას მოაქვს. ამის მაგალითია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობის ნება, რამაც ნიღაბი ჩამოხსნა “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილის რეჟიმს და უარი უთხრა ძალადობას, სიცრუეს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

ასეთი ერთობით, ასეთი მხარდაჭერით, ჩვენ ყველანაირ დაბრკოლებას დავძლევთ და ყველანაირ ბარიერს გადავლახავთ. ყველაზე დიდი ძალა ხართ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ვერავინ წაართმევს არჩევანის უფლებას- იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, დაიცვას საკუთარი რწმენა და ტრადიციები და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერის და თქვენი თანადგომის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი.

უნდა გვახსოვდეს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წყვეტს არა პოლიტიკურ პარტიების ბედს, არამედ ქვეყნის ბედს. ჩვენი სამშობლოს მომავალს.

ყველაფერი თქვენს ხელშია! ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობაზე..

მჯერა, საქართველოს არჩევანი იქნება მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ სვლა!

ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების, გამთლიანების და გაძლიერების საწინდარია!

ეს ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის გარანტია!

ეს ჩვენი ვალია წინაპართა ხსოვნის წინაშე!

გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ღირსება, ევროპისკენ ღირსეული სვლა.

გაუმარჯოს ქართულ ოცნებას,

გაუმარჯოს საქართველოს და ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ