73 წლის ასაკში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ჯემალ გახოკიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გახოკიძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ჯემალ გახოკიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1997 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს; 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2004-2005 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო; 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009 წლებში იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: „თემიდას“, „ბიზნეს-ინჟინერინგისა“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ხუთი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი; გენერალ-ლეიტენანტი (1997).