leaderboard_below_slide
left_sabechdi

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge -ზე შეუძლიათ.

„გამოსაცდელებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც. შეგახსენებთ, რომ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 23 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციონ:

  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
  • უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

აბიტურიენტები საკუთარი არჩევანის რაოდენობაში შეზღუდულები არ არიან, ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ცენტრი ასევე აფრთხილებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების შესრულების შემდეგ ღილაკის – „შენახვა“ გამოყენება. კონკრეტული ვადის – 23 აგვისტოს 18:00 საათის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში აბიტურიენტები ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ