საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისათვის დახმარების შესაძლო შემცირება ძალიან შემაშფოთებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
„აბსოლუტური თვალსაზრისით, გერმანია ბევრს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას გაუმკლავდეს რუსეთის შემოჭრას. ამიტომ ბერლინის მხრიდან კიევისთვის დახმარების სამომავლო შემცირება დიდ შეშფოთებას იწვევს, ეს ცუდი ამბავია“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ამიერიდან უარს იტყვის უკრაინის დახმარების თხოვნაზე თუ ამ მხარდაჭერის დასაფინანსებლად თანხა არ მოიძებნება.