მიხეილ ყაველაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს, არამედ იდეოლოგიაზე, რას ემსახურება ლგბტ პროპაგანდა
“ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებისა დაცვის საკითხის და პროპაგანდის გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამიტომაა აუცილებელი მოხდეს სიღრმისეული შესწავლა საკითხის, თუ რას ემსახურება აგიტაცია – ეს არ არის ვინმეს დაჩაგვრა ან ვინმეს მიმართ ძალადობის აქტის გამოყენება. მისი თქმით, საქმე გვაქვს ადამიანის სულისა და წარმომავლობის დამახინჯებასთან.
„ყველა ეტაპზე უნდა ავხსნათ რა არის პროპაგანდა. ამაში უნდა ჩაერთონ განათლების, მეცნიერების, რელიგიის სფეროს წარმომადგენლები და უნდა ავხსნათ საითკენ მიდის პროცესი. საქმე გვაქვს ადამიანის სულისა და წარმომავლობის დამახინჯებასთან. შემოვლითი გზებით ხდება საკითხის შემოტანა. ასე იყო მაგალითად, ბლინკენის შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის განკუთვნილი ბრძანება შიდა მოხმარების საკითხად მოიხსენიეს. რა შიდა მოხმარება? ასე იწყება ყველაფერი: გრძნობების გაუფასურება; 8 წლის ბავშვის უფლებებში და გონებაში იმის ჩადება, რომ მშობელთან საჭიროა დისტანცირება; მშობლის მიერ ბავშვის სქესის არჩევის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ა. შ.
ეს ისეთი რამეა, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზეა ლაპარაკი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კამპანიაა და უნდა დავიცვათ უმცირესობაში მყოფთა უფლებები, რათა არ იყოს ძალადობა მათ მიმართ, სხვა საკითხია. სწორედ ამიტომ მინდა მოხდეს სიღრმისეული შესწავლა საკითხის, თუ რას ემსახურება ეს აგიტაცია – ეს არ არის ვინმეს დაჩაგვრა ან ვინმეს მიმართ ძალადობის აქტის გამოყენება, მაგრამ იმ ადამიანებისაც მესმის, ვისაც სხვა საშუალება არ ჰქონდა და ძალადობით უპირისპირდებოდა პროცესს. ჩვენ უნდა გავანეიტრალოთ შესაძლო დაპირისპირება.
მმართველ ძალას სწორედ ამიტომ შემოაქვს საკითხი ამდაგვარად – მსჯელობაში შევდივართ და არა ისე, რომ ვიღაცები ვდევნოთ ან ზოგიერთებივით პოლიტიკური ქულები დავიწეროთ. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რას ემსახურება პროცესები. ეს არ არის ტოლერანტობის თემა. სამწუხაროა ის, რომ ბოლო წლებში გაზრდილია სტატისტიკურად პროპაგანდის მიმდევართა რიცხვი და განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებშია შესამჩნევი. თუ თავისუფლებას ღაღადებ და თუ ყველაფერი „მოსულა“, თუ ასეთი საზოგადოება გინდა, ე.ი. ვიღაცის ინტერესები სულ სხვაა და ემსახურება იმას, რასაც ემსახურება ომისა და პანდემიის პროპაგანდა. უბრალოდ სიგიჟეა – ვთქვათ, გახდა ერთ დღეს ყველა ამ მიმდევრობის მომხრე და რა, ჩერდება კაცობრიობა? სიცოცხლე აღარ იქნება? როგორ უნდა გამრავლდეს ადამიანი?
ჩვენს საზოგადოებაში თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ არჩევანი გასაკეთებელია არა იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს, არამედ საუბარია იდეოლოგიაზე, რას ემსახურება პროპაგანდა. ამიტომ ერიდებიან ვაჟბატონები და ქალბატონები ოპოზიციიდან ამ თემაზე საუბარს, იმიტომ, რომ დაკვეთა დასავლეთიდან მოდის და მათ დამკვეთებთანაა ეს კავშირში. ჩვენ გავბედეთ ამაზე ლაპარაკი, დავინახეთ ეს საშიშროება და ამიტომ უნდა დადგეს ერი და ბერი ერთად,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.