უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რომის სტატუტის რატიფიცირებას. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომის სტატუტის რატიფიცირება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სრულფასოვანი წევრი გახდეს.
ზელენსკიმ რომის სტატუტის სარატიფიკაციო კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტს 15 აგვისტოს წარუდგინა. რადამ მას მხარი 21 აგვისტოს დაუჭირა.
უკრაინამ ჯერ კიდევ 2015 წელს აღიარა რომის სტატუტის იურისდიქცია საკუთარ ტერიტორიაზე იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსული აგრესიის მომენტიდან კაცობრიობის წინააღმდეგ არის ჩადენილი.