საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის გამო, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული იყო, ამ დროისთვის ავტოტრანსპორტით მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს
“რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.
„კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა“, – წერია ინფორმაციაში.