მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
მოგესალმებით ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო! მივესალმები ამ ულამაზეს რეგიონში მცხოვრებ ამაყ, თავისუფალ, ღირსეულ ხალხს!
დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავს არ შეგაწყენთ და არ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა საქართველოს თითოეულ რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვახსოვს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რამდენჯერ გაუმჯობესდა სიტუაცია ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევას, რაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას თითოეულ მოქალაქეს – ეს არის მშვიდობა!
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ბოლო 12 წელია ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რაც არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა საქართველოში! 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში უწევს ცხოვრება, გამოვიარეთ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირე, სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ხალხის დახოცვა, ტანჯვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და მუდმივი, უწყვეტი ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობა…
და მაინც ყველა ბოროტებას შორის რაც სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომი დარჩება ყველაზე მძიმე დანაშაულად, რომლის პატიება არ შეიძლება! ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ომი არ იყო გარდაუვალი და კიდევ გავიმეორებ რაც ბევრჯერ მითქვამს: მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი ეს ომი არ მოხდებოდა! ახლა, როცა უკვე ჩვენმა ხელისუფლებამ ჰააგაში და სტრასბურგში მოვიგეთ აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყველა პროცესი, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, მაგალითად რატომ არ ააცილა თავიდან ეს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რატომ გადადგა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლის შედეგების გათვლა ძალიან მარტივი იყო და პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა რას გამოიწვევდა მისი ავანტიურისტული, უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯები… დღეს ეჭვი არავის ეპარება რომ მათ მშვენივრად იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ და დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, მაგალითად, რატომ დააბრუნეს 2007 წელს საქართველოდან გაყვანილი რუსეთის ჯარი კიდევ უფრო დიდი ძალით რამდენიმე თვეში და რატომ ჩააბარეს 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო? რატომ გადასცეს უბრძოლველად, რატომ აჩუქეს კოდორის ხეობა? ომის დასრულების შემდეგ რატომ მოაწერეს ხელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას? ომის შემდეგ რატომ გააგრძელეს ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა, რატომ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები, რატომ გაუხსნეს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, ეს იმ დროს როდესაც პარალელურად რუსეთს დაწყებული ჰქონდა სამხედრო ბაზების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
ასეთი უმძიმესი დანაშაულის და ღალატის ჩამდენი კრიმინალური ბანდა დღესაც აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე… ამიტომ არათუ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ აღარასოდეს, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ასეთ მოღალატე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დაკარგა, გააჩუქა და გაყიდა!
ასეთი მასშტაბის უბედურების მომტანი კრიმინალური ბანდა რუსეთ-უკრაიანის ომის დაწყებისთანავე ყველაფერს აკეთებდა, რომ რაიმენაირად მომხდარიყო დესტაბილიზაცია ქვეყანაში, გადატრიალება, გარე ძალებთან ერთად კოორდინაციით მიმართავდნენ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში, იმისთვის, რომ აქაც გადმოეტანათ ომი და მეორე პოლიგონად გადაექციათ ჩვენი ქვეყანა… გავიხსენოთ ომის დაწყებისთანავე როგორ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა და ამით ხომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასანქცირებას ითხოვდნენ? ასევე ისინი ითხოვდნენ მათ მიერ რუსეთისთვის ცალმხრივად დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ტურიზმის, ვაჭრობის და ფრენების შეჩერებას… ომის პირველივე დღეებში ითხოვდნენ უკრაინიდან თვითმფრინავების მიღებას და მოხალისეების გაგზავნას და ასეთ პროვოკაციულ ქმედებაზე მთავრობის ნებართვას, ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, არ დაგვავიწყდეს რომ არამარტო სააკაშვილის პარტიები და ენჯეოები, რომლებიც დღეს მოგვევლინენ ახალი პარტიების სახით და სხვა სახელებით, არამედ ყველანი – „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ოპოზიცია, ახლად შექმნილი კოალიციები ითხოვდნენ ბომბების ცვენას თბილისის თავზე და ეროვნული ინტერესების ღალატს! ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას ურთულეს დროს. რატომ? იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ: არ ვუღალატეთ მათსავით ქვეყანას და არ გავწირეთ ხალხი, არამედ უკომპრომისოდ დავიცავით ეროვნული ინტერესები, რითაც თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება…
ახლა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებების და კოალიციების რომელიმე წარმომადგენელი, ან რომელიმე ენჯეოს წარმომადგენელი, რა მოხდებოდა ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – მუხლის ჩოქებზე დავარდნილები დიდი აღტკინებით დაუწესებდნენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს სანქციებს, შემდეგ ასეთივე აღტაცებული ენთუზიაზმით მიიღებდნენ უკრაინის თვითმფრინავებს და გააგზავნიდნენ მოხალისეებს საომრად და ასეთივე მონური აღტაცებით დაიწყებდნენ ომს და გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად! ვინ დაზარალდებოდა ამ უბედურებით ჩვენ კარგად ვიცით, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა! პარალელურად სასტიკად გაუსწორდებოდნენ, დახოცავდნენ ან დაიჭერდნენ ყველა განსხვავებულად/ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, დაახშობდნენ მედიას, აკრძალავდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ქვეყანას და ხალხს გაიმეტებდნენ საბოლოოდ დასაღუპად და გასაწირად!
მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში საქართველოში ეს არ მოხდება! სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება!
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებინებთ ქვეყანას და ხალხს!
მეგობრებო! თანამებრძოლებო! 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ…
ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე! უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ „ქართული ოცნების“ და ხალხის დიდი გამარჯვება!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!