მაკა ბოჭორიშვილი: ვამბობდით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის გაკეთებული, რომ იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ვნახეთ, კიდევ წელიწადი მოგვიწია ბრძოლა კანდიდატის სტატუსისთვის – მნიშვნელოვანია, არ მოხდეს პროცესის შეფერხება
“მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის გაკეთებული, რომ იყოს დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ვნახეთ, რომ კიდევ წელიწადი მოგვიწია ბრძოლა, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი,” – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს პროცესის შეფერხება სხვადასხვა მოსაზრებებით.
„თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ, მაშინ გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, არ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების შეფერხება. ჩვენ ეს გამოვცადეთ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის გაკეთებული, რომ იყოს დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ვნახეთ, რომ კიდევ წელიწადი მოგვიწია ბრძოლა, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მსგავს ფორმალობებზე, თუ მსგავს განვითარებებზე არ უნდა იხარჯებოდეს დრო, ვინაიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს აყენებს ზიანს და არანაირად არ ემსახურება საერთო ინტერესს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს პროცესის შეფერხება სხვადასხვა მოსაზრებებით. ძალიან ხშირად ეს მოსაზრებები არასწორ ინფორმაციებსაც ეფუძნება ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან იყოს უფრო ინტენსიური იმისთვის, რომ საერთო მიზანს დროულად მივაღწიოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.