დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, ეს კამპანია ზღვარს სცდება.
დიმიტრი ხუნდაძემ აქვე განმარტა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ მათ აგენტურულ საქმიანობას ადასტურებს.
დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიზანია ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა და ამომრჩევლის გადაბირება ტყუილების კასკადით მოახდინონ.
„ერთიანი ოპოზიცია, ანუ ერთიანი ნაცმოძრაობა დეზინფორმაციას მტრობის სტიმულირებისთვის იყენებს და ყველას და ყველაფერს თავს ესხმის. ლანძღვასა და შეურაცხყოფას არც არჩევნებამდე იკლებდნენ, მაგრამ დღეს ისინი ყველა ზღვარს გადადიან. ასეთია გამჟღავნებული აგენტურის ხვედრი. მათი მიზანია, ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა, რომ საზოგადოება დააბნიონ და შეცდომაში შეყვანილი ამომრჩევლების ხმა როგორმე დაიმატონ. წვიმისა და თოვლის მოსვლასაც ხელისუფლებას აბრალებენ და საკუთარ უსაქმურობასა და მავნებლობას სხვაზე გადაბრალებით მალავენ. მათი გაფუჭებულისა და ჩვენი გაკეთებულის შემჩნევა ობიექტურ თვალს არ გაუჭირდება, თუმცა ყველაზე დიდი ფასი მაინც მათ დროს ომის უბედურებასა და დღევანდელ მშვიდობას აქვს. მართალია მათი მხრიდან ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება. უკვალოდ არაფერი არ ჩაივლის!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.