leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წარდგენილი იქნებიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, გურამ თუშიშვილი, ლაშა მარგველაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონების, ასევე პრიზიორების მწვრთნელები – ღირსების ორდენზე

„დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმაღლეს ჯილდოებზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე, დამატებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე, ესენი გახლავთ – ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ესენი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული მიღწევები, ორივე გახლავთ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური ჩემპიონები. ასევე ისინი არიან მსოფლიო  და ოლიმპიური ჩემპიონები. ამ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ისინი წარდგენილი არიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ასევე, გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები, წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელები. ისინი არიან გუნდის მწვრთნელები, ასევე – პირადი მწვრთნელები, ჩამოვთვლი მათ – ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე,   ომარ ჟორჟოლიანი, ამბაკო ავალიანი, გიორგი იანტბელიძე, დავით ხურცია, გიორგი ასანიძე, ავთანდილ გახოკიძე, ბეჟან ჭიჭინავა, ილია ტლაშაძე, ალექსი ღვინიაშვილი, კახა წიკლაური, არჩილ ბარამიძე, ლევან ქობულაშვილი, მირზა ხაბარელი, გია ობოლაძე. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი სპორტსმენის წარმატებაში და რა თქმა უნდა, თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლებზეც ისინი არიან წარდგენილი“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე იხილეთ