leaderboard_below_slide
left_sabechdi

უსამართლო კონკურენცია და რესტორნების იმედგაცრუება – მიტანის სერვისის 6-წლიანი ქართული ისტორია

საქართველოში სწრაფი მიტანის სერვისი 6 წლის წინ გამოჩნდა და მცირე დროში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. თანამედროვე ადამიანების ცხოვრება, რომლებიც დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, ძირითადად სახლში გვიან ბრუნდებიან და საკვების მომზადების დრო და ენერგია აღარ რჩებათ, ამიტომ ხშირად სარგებლობენ მიტანის მომსახურებით, რომელმაც ბოლო პერიოდში არამარტო კვების ობიექტები, არამედ თითქმის მთლიანად რითეილ სექტორი მოიცვა.

როგორ ვითარდებოდა საქართველოში მიტანის სერვისი

2018 წელს საქართველოს მცირე მოცულობის ბაზარზე ერთდროულად ორი გლობალური საკურიერო კომპანია Glovo და Wolt შემოვიდა. წლების განმავლობაში ბაზარზე სხვა წვრილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიებიც ჩნდებოდნენ, მაგრამ დამკვიდრება ფაქტობრივად ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. ფაქტობრივად, ამ ორმა მოთამაშემ, თავისი დომინანტური პოზიციის გამოყენებით, ხელი შეუშალა სხვა მოთამაშეებს რაიმე მნიშვნელოვანი ბაზრის წილის მოპოვებაში.

მიტანის სერვისი განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, როდესაც კვების ობიექტები დაიხურა და მომხმარებლებს, მხოლოდ „დელივერი“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლოთ.

პანდემიამ „დელივერი“ სერვისის დაფარვის არეალი და მომსახურების სახეობები უფრო დახვეწა და გაამრავალფეროვნა.

სფერო საკმაოდ პერსპექტიული და მზარდია, თუმცა 6-წლიანმა ისტორიამ აჩვენა, რომ პრობლემები საკმაოდ ბევრია. რამდენიმე მოთამაშის დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება არ აძლევს არჩევანს არც მომხმარებლებს და არც საზოგადოებრივი კვების ობიექტებს და ზოგადად აფერხებს სექტორის განვითარებას.

მიტანის სერვისის შეუფერებელი პირობები და კურიერების პროტესტი

მიტანის სერვისის კომპანიების გამოჩენის პარალელურად, 6 წლის წინ, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი დასაქმების და შემოსავლის წყარო მიტანის სერვისში მუშაობა გახდა. ყოველდღიურად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და ამინდში, ზურგზე ფერადი ჩანთებით, ველოსიპედებით თუ მოპედებით, კურიერებს შეკვეთები ქალაქის თითქმის ნებისმიერ ადგილას მიაქვთ.

თუმცა, კურიერები პერიოდულად უჩივიან დაბალ შემოსავალს, რაც ხშირად არ ფარავს მათი ბენზინის, მოტოციკლების მოვლა-პატრონობისა და სხვა ხარჯებს. საჩივრებს შორის ისინი ასევე ასახელებენ მკაფიო ინფორმაციის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება გადახდა, როგორ გამოითვლება ბონუსები და ფასდაკლებები, ასევე ცუდია უკუკავშირი სამსახურიდან, რომელიც ყოველთვის არ პასუხობს კურიერების საჩივრებსა და კითხვებს.

შესაბამისად, კურიერები ფაქტობრივად წელიწადში რამდენჯერმე მართავენ საპროტესტო აქციებს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მაგალითად, გასულ წელს გამართული პროტესტის დროს „გლოვოში“ დასაქმებულებმა რთული სამუშაო პირობები და არასათანადო ანაზღაურება გააპროტესტეს. ისინი ამბობდნენ, რომ მომსახურების ტარიფი და საბონუსე სისტემა არასათანადო იყო.

საპროტესტო აქციებს ხშირად მართავენ „ვოლტის“ კურიერებიც, მათი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის გაზრდა და შესაფერისი სამუშაო პირობების შექმნაა.

კონკურენციის არარსებობა ბაზრის განვითარებას აფერხებს

მიტანის სერვისის საჭიროებაზე დღეს უკვე არავინ დავობს. სარესტორნო თუ რითეილ ბიზნესის განვითარების პარალელურად, მიტანის სერვისით სარგებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება.

თუმცა, პრობლემების მოგვარების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია როგორ განვითარდება ქვეყანაში ეს სექტორი. სხვადასხვა შეფასებით, ორი კომპანიის Glovo-სა და Wolt-ის წილი საკვების მიწოდების მთელი ბაზრის დაახლოებით 93%-ს შეადგენს.

დღეს მონოპოლისტი მოთამაშეეები არიან ფასის დამდგენი და შესაბამისად, აქვთ სრული კონტროლი ბაზრის მიწოდების ნაწილზე, ამიტომ არ არსებობს დამატებითი ინოვაციების შესაძლებლობა და მომხმარებელზე ან პარტნიორზე ორიენტირებული პირობები. როგორც ჩანს, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი კომპანიების გაჩენა და დაარსება, ასევე ქართულ ბაზარზე ვითარების კონტროლი.

პრობლემები კანონთან და Glovo-ს უზარმაზარი ჯარიმები

რესტორნებიდან საკვების მიწოდების ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. მაგალითად, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური რეგულატორები უკვე აქტიურად საუბრობენ Glovo-ს მიერ კარტერული გარიგების არსებობაზე და მის დაჯარიმებასაც გეგმავენ.

„საკვების ონლაინ მიწოდება არის სწრაფად მზარდი სექტორი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ კონკურენცია“, – თქვა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა ხელმძღვანელმა მარგრეტე ვესტაგერმა განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის კომპანიებს ემუქრებათ ჯარიმები გლობალური წლიური ბრუნვის 10%-მდე. საბოლოო ჯამში, ევროკომისიამ შესაძლოა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევების გამო, Glovo 400 მილიონ ევროზე მეტით (435 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმოს.

გარდა ამისა, გასულ წელს გლოვოს კიდევ ერთი დიდი ჯარიმა დაემუქრა, რომელიც ესპანურმა მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა (AEPD) დააწესა პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევისთვის. მიწოდების სერვისს ედავებიან მონაცემთა უკანონო დამუშავებაში: Glovo აგროვებდა და ამუშავებდა მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს მათი თანხმობის მიღების გარეშე, ასევე არ აწვდიდა საკმარის ინფორმაციას, იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. დარღვევებს შორის, მარეგულირებელმა ასევე გამოავლინა გამჭვირვალობის ნაკლებობა მომხმარებლის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ და კონფიდენციალურობის წესების შეუსრულებლობა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე საქართველოს მარეგულირებელი ორგანოები და რამდენად მალე დაიწყება შემოწმება?

ასევე იხილეთ