ფედერიკა მოგერინი: არ მესმის, რატომ არ შეიძლება ევროკავშირი 2, ან 3 წევრით ძალიან მოკლე დროში გაიზარდოს, რა თქმა უნდა კანდიდატების მხრიდან პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში
შეშფოთების საფუძველი გახდება, თუ ვიტყვით, რომ ახალი წევრების მიღება ვერ მოხდება ევროკავშირის ინსტიტუციურ რეფორმირებამდე, – ამის შესახებ ბრუგეს ევროპული კოლეჯის დირექტორმა, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
მოგერინის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ორგანიზაცია 2, ან 3 წევრით ძალიან მოკლე დროში გაიზარდოს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყნები პირობებს დააკმაყოფილებენ.
„მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირს არ სჭირდება, ან უფრო სწორედ, ევროკავშირისთვის სავალდებულო არ არის შემდგომი გაფართოებისთვის და ერთი, ან ორი წევრის მისაღებად თავად რეფორმირება. ჩვენ 28 წევრი ვიყავით. მე პირადად ვხელმძღვანელობდი სხდომებს 5 წლის განმავლობაში თვეში ორჯერ და გვქონდა შესაძლებლობა გადაწყვეტილებები მიგვეღო. ვფიქრობ, ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმირება არ უნდა გახდეს შემდგომი გაფართოების წინაპირობა. გაფართოება ორგანიზაციისთვის რეფორმირებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება, რაც ისედაც შეიძლება საჭირო იყო, მაგრამ შეშფოთების საფუძველი გახდება, თუ ეს წინაპირობად იქცევა და ვიტყვით, რომ ახალი წევრების მიღება ვერ მოხდება ევროკავშირის ინსტიტუციურ რეფორმირებამდე. მე მეშინია ეს ბუმერანგად არ გვექცეს. ინსტიტუციურ რეფორმირებაზე მეტად სხვა რამ გვჭირდება და ეს გაფართოების პირობებში ბიუჯეტის, ფინანსური რესურსების სათანადოდ გადანაწილებაა. ეს საჭიროა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 27-წევრიანი ორგანიზაცია 37 წევრისგან შემდგარი ბლოკი გახდა. შეიძლება პროვოკაციული კითხვაც დავსვა, მაგრამ მზად ვარ მოსაზრებების მოსასმენად. მე არ მესმის რატომ არ შეიძლება ორგანიზაცია 2, ან 3 წევრით ძალიან მოკლე დროში გაიზარდოს, რა თქმა უნდა კანდიდატების მხრიდან პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.