leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდებარედ მცხოვრებ 270 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა.

„ადგილობრივ მოსახლეობას წყალარინების ქსელების არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს იყო უდიდესი პრობლემა. აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც 270 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ცენტრალურ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს. ჯამში, 2 400 მეტრ სიგრძეზე ახალი ქსელი მოეწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, ორი მლნ ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.

„გარდა ამისა, როდესაც პროექტის განხორციელებისას ადგილზე ვიმყოფებოდით, მოსახლეობამ გვთხოვა რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენ დავპირდით, რომ მოვაწყობდით. ამისთვის ტერიტორია მოიძებნა და დაპირება აუცილებლად შესრულდება იმისთვის, რომ შეძლონ დასვენება, განტვირთვა და ვარჯიში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით განხორციელდა.

ასევე იხილეთ