leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დავალიანება ჩამოეწერებათ

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაგროვილი დავალიანება, რომელთა გადახდას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ჩამოეწერებათ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ისინი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა) ჩართვას შეძლებენ.

„2011-დან 2014 წლამდე თბილისის მერიამ და გამგეობებმა გასცეს სესხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობაც ამ ამხანაგობებს არ ჰქონდათ. ამის გამო, ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ვერ ახერხებდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მოხდეს ამ ვალის ჩამოწერა, რის შემდეგაც მიეცემათ შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბმა-ს პროგრამა იძლევა საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგების შესაძლებლობას, ეს იქნება სახურავის შეცვლა, სადარბაზოს განახლება, შიდა კიბეების მოწესრიგება თუ სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს, იღებენ თავად კორპუსის მცხოვრებლები და ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ პროექტს ადგილობრივ გამგეობაში.

 

ასევე იხილეთ