უკრაინის საჰაერო თავდაცვა: რუსებმა უკრაინას 10 რაკეტით და 81 დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა 65 სამიზნე ჩამოაგდეს
რუსებმა უკრაინას წუხელ სხვადასხვა ტიპის 10 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 81 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლეშჩუკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა 5 ფრთოსანი რაკეტა და 60 დრონი გაანადგურეს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა თავდასხმისას გამოიყენეს Х-47М2 ტიპის 3 აერობალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი, ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-კ“, „ხ-101“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა, Shahed-ის ტიპის 81 უპილოტო საფრენი აპარატი.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ხ-101“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 60 დრონი“, – აღნიშნა ოლეშჩუკმა.
მისი თქმით, საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა ქვეყნის ოლქების უმეტესობაში: კიევის, ხმელნიცკის, რივნეს, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.