ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა უკრაინის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნარენდრა მოდიმ [ვლადიმერ პუტინს] ინფორმაცია მიაწოდა მის მიერ კიევში განხორციელებული ვიზიტის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ დაინტერესებულია შეიტანოს საკუთარი წვლილი უკრაინის სიტუაციის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების საქმეში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინმა, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი პარტნიორები დესტრუქციაში დაადანაშაულა.
ინდოეთის პრემიერმა და რუსეთის პრეზიდენტმა აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს.
ინდოეთის პრემიერი კიევში 23 აგვისტოს იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ კიევი და მოსკოვი უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და კრიზისიდან გამოსავალი გზები მონახონ.