ბექა ოდიშარია: ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასე თუ გააგრძელეს, შორს არ არის ის დრო, როდესაც დავით აღმაშენებელზე გადაერთვებიან
„ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მეფეებს უშვერად და თავხედურად მოიხსენიებენ, ვურჩევდი, რომ ადამიანს კბილები მხოლოდ საჭმლის ღეჭვისთვის კი არ აქვს, ხანდახან ენასაც უნდა დააჭიროს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე დავით ზურაბიშვილის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც დავით ზურაბიშვილი წერს: „კახეთი ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა – მით უმეტეს, რამდენადაც, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან“.
„ოპოზიციას მეფე ერეკლეს ხსენებასთან დაკავშირებით შევახსენებდი, რომ კახეთში ძალიან პოპულარულია ერთი გამონათქვამი, მეფე ერეკლესა და არამკითხე მოამბეებთან დაკავშირებით, სჯობს თავი შეიკავონ ქრისტიანი გმირი მეფის ქილიკისგან. ძალიან გაუჭირდებათ ერეკლე მეფის რამენაირი დაკნინება. ყოველდღიურად საკუთარ თავს აკნინებენ და ძალიან ბეჩავ დღეში აგდებენ. როგორ შეიძლება, კახეთს და კახელებს პრორუსები უწოდო. საუკუნეების წინ საქართველოს ხელისუფლება და მისი მეფეები, მათი 99% საკუთარ ქვეყანას და ხალხის ინტერესებს თავგანწირვით იცავდა განსხვავებით ამ ოპოზიციისგან, რომელმაც გადააჭარბა შადიმანების და სხვა მოღალატე ეპითეტებად ჩამოყალიბებული გვარების, თუ ძალების ქმედებებს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.