პოლონეთი უკრაინას “მიგებს” მხოლოდ მას შემდეგ გადასცემს, რაც მათ ჩასანაცვლებლად ახალ თვითმფრინავებს მიიღებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა კიევს დამატებით “მიგ 29-ებს” მხოლოდ მას შემდეგ გადასცემს, რაც მათ ჩასანაცვლებლად ახალ საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში თავისი მრავალმილიონიანი წვლილი უკვე შეიტანა და გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო. თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტი პოლონეთის თავდაცვისუნარიანობაა.
მისივე თქმით, ვარშავა კიევისთვის თვითმფრინავების გადაცემამდე, აშშ-ში შეკვეთილ F-35-ებს ელოდება, რომლებიც 2026 წელს უნდა მიიღოს.
განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვების პასუხად გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ სურს პოლონეთი საბჭოური მოდელების გამანადგურებლების გადაცემაზე დაითანხმოს.