ლევან ჭოტორლიშვილი პაველ დუროვზე: საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, ჩასვლისთანავე აეროპორტში დააკავეს და თავისუფლების სანაცვლოდ სთხოვენ მრავალმილიარდიანი ბიზნესის დათმობას, სააკაშვილს-მერაბიშვილს-ადეიშვილს ტყუილად ადანაშაულებთ დასავლური ღირებულებებიდან გადახვევაში
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „ტელეგრამის” დამფუძნებლის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჭოტორლიშვილის განცხადებით, დუროვს, რომელიც ლიბერალურ პროპაგანდას ენდო, ჯერ საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, პარიზში ჩასვლისთანავე კი აეროპორტში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო, თავისუფლების სანაცვლოდ მრავალმილიარდიანი ბიზნესის დათმობას სთხოვენ.
როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილსაც სწორედ ასეთი „დასავლურ ღირებულებების” სტანდარტი ჰქონდათ.
„მილიარდერი პავლე დუროვი პრეზიდენტ მაკრონთან ვახშამზე მიიწვიეს, სასწრაფოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. ჩასვლისთანავე აეროპორტში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობით ემუქრებიან. თავისუფლების სანაცვლოდ სთხოვენ მრავალმილიარდიანი ბიზნესის დათმობას.
სააკაშვილს-მერაბიშვილს-ადეიშვილს ტყუილად ადანაშაულებთ დასავლური ღირებულებებიდან გადახვევაში. სწორედ ეგ არის სიტყვის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, კერძო ქონების ხელშეუხებლობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სტანდარტი.
დუროვს რაც დაემართა, მართლა ახია მასზე. შეეძლო, ყოფილიყო იქ, სადაც იყო, ან იქ, სადაც მანამდე იყო.
ენდო ლიბერალურ პროპაგანდას, ევროპაცენტრიზმს და ახლა ან ციხეში მოუწევს დარჩენილი წლების გატარება, ან მთელი თავისი ქონება უნდა გადაუფორმოს რომელიმე ფრანგ ოლიგარქს”, – წერს ჭოტორლიშვილი.