“საქართველოში მოქმედი ცალკეული “ენჯეოები”, რომლებიც პირდაპირ არიან შერწყმული პოლიტიკურ პარტიებთან, ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით ახორციელებენ, ფაქტობრივად, სრულ პოლიტიკურ საქმიანობას”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ისინი წინასაარჩევნო პროცესში არიან ჩართულები, რაც ქართული კანონმდებლობით პირდაპირ არის აკრძალული.
„ისინი იმალებიან გარკვეული ფესტივალების საფარქვეშ. ცდილობენ, რომ გარედან, უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით მოახდინონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია წინასაარჩევნო პროცესებში აგიტაციის კუთხით. ეს არის სრულიად დაუშვებელი და აკრძალული. ჩვენ მოვისმინეთ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ბრიფინგი, ვნახეთ ის გადაცდომები, რომელიც არის უკვე ამ კუთხით დაფიქსირებული პოლიტიკურ არეალზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„დემოკრატიის ფესტივალი“ ისევ გაიმართება ამჯერად თბილისში. ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „დემოკრატიული ფესტივალი“ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით იმართება.