გურამ მაჭარაშვილი: როდესაც შეგაქვს სარჩელი იმ იარაღის გაუქმებაზე, რომელიც არის საქართველოს ხელში და რომლის გაუქმებაც უცხოურ ძალას მისცემს საშუალებას საქართველო დაამარცხოს, ამას ჰქვია ზუსტად მოღალატეობრივი ქმედება
„გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
„როდესაც შენ მიდიხარ გამჭვირვალობის წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სასამართლოში შეგაქვს სარჩელი იმ იარაღის გაუქმებაზე, რომელიც არის საქართველოს ხელში და რომლის გაუქმებაც უცხოურ ძალას მისცემს საშუალებას, რომ საქართველო დაამარცხოს, ამას ჰქვია ზუსტად მოღალატეობრივი ქმედება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების მიერ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება. გამწესრიგებელი სხდომა ხვალ გაიმართება.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება სრულად უნდა შეაჩეროს, მმართველი გუნდის შეფასებით, ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.