დავით მათიკაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, ოპოზიციას რეალურად საქმის შინაარსი არ აინტერესებს
ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში, პერსონალური მონაცემების დაცვასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში შესატან ცვლილებებს ეხება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აფასებს და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია.
მისი თქმით, ოპოზიციას საქმის შინაარსი არ აინტერესებს.
„გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ყველა მიმართულებით, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით საჭირო და აუცილებელი ცვლილებებით აღიჭურვა ეს კანონმდებლობა. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, რეალურად მათ საქმის შინაარსი არ აინტერესებთ, ფაქტობრივად, არც ესწრებოდნენ დღევანდელ განხილვებს. რეალურად ერთი კრიტიკული კითხვაც არ დასმულა კომიტეტზე განხილვის პირობებში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში, პერსონალური მონაცემების დაცვასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში შესატან ცვლილებებს ეხება, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას გავა. მმართველი გუნდის განცხადებით ეს კანონპროექტები ქვეყნის ევროპულ ინტერესებს სრულად ერგება და აჩქარებს ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტები მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოამზადა, ოპოზიცია მაინც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტები ოპოზიციის სადამსჯელოდ შეიმუშავა.