leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის განზრახვის არადემოკრატიულად შეფასება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს

“ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიცირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს, ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის.

„იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო „სისტემური ძალადობის და წამების“ სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების მიმართ უპატივცემულობას.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჩვენ ამ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა. მისი დაკავების შემდეგ კი არ წყდება მცდელობები, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, სხვადასხვა საბაბით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან. იგივე ეხება სწორედ პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირს ხვდება და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს, რომელიც თავს დღემდე ევროკავშირს აფარებს.

ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას, რომლის უმაღლესი სტანდარტი არაერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

დაბოლოს, ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მხარდაჭერით მეორე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, სასამართლოს დადგენილებით, უკვე წლებია, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის და მიყურადების ობიექტია.

P.S. მათთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, თუ რამდენად დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა  „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კიდევ ერთხელ, იმ საქმეების სია, რომელზეც ეს მაღალჩინოსნები უკვე გასამართლდნენ. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამნისტიის გამო, ეს განახევრებული სასჯელის ვადებია.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (კიდევ სამ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა):

გირგვლიანის მკვლელობის საქმე – 4 წელი; დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმე – 6 წელი;

გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი (კიდევ ორ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა):

ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე -1,5 წელი; ტვ იბერიას საქმე – 1,5 წელი; კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე – 6 წელი; პატიმრების წამების საქმე – 4,5 წელი; ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე – 5 წელი; თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი: ჯარის 5 მილიონი ევროს გაქრობის საქმე – 6 წელი”,– ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა თუ განახორციელებს გეგმას და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, ეს გაანადგურებს იმას, რაც საქართველოს დემოკრატიისგან დარჩა, ასევე, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი დასავლეთისგან.

„პოლიტიკოს“ ცნობით, გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ბრიუსელში შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი წინადადების გამო, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს“.

ასევე იხილეთ