აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოენმა განაცხადა, რომ რუსეთს გაუჭირდება კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.
ვაშინგტონში დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დევიდ კოენმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში შეჭრის მნიშვნელობა ჯერ კიდევ გასარკვევია.
დევიდ კოენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ განაცხადა, რომ არ აპირებს კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის ანექსირებას, უკრაინის ჯარები აგებენ თავდაცვით ხაზებს და, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ შეინარჩუნონ „ამ ტერიტორიის ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში“.
„ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი განახორციელებს კონტრშეტევას ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეს რთული ბრძოლა იქნება რუსებისთვის“, – დასძინა დევიდ კოენმა.