24 აგვისტოდან ჩვენთვის ყველაზე რთული დღეების ათვლა დაიწყო. მას შემდეგ, რაც მძიმე სენთან ბრძოლაში გიორგი კობერიძესთან ერთად ჩვენც დავმარცხდით, მაგრამ ჩვენი გიორგი, ჩვენთვის „კუზნო“ მაინც გამარჯვებულია. გამარჯვებული, რადგან მცირე დროში მოახერხა და თითოეული ჩვენგანის გულში დიდი ადგილი დაიკავა.
მძიმე პერიოდშიც ყველას გვამხნევებდა და იბრძოდა ბოლომდე. დაგვიტოვა ბევრი სითბო, სიკეთე, სიყვარული და იუმორი, რომელზეც ნიუსრუმში, ტელევიზიის დერეფნებში, მასთან სახლში და, უბრალოდ, ყველგან ვსაუბრობთ და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, ვიცინით, „კუზნოს“ ხსენება ღიმილის გარეშე შეუძლებელია. ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ის მაყურებელს კარგად გახსოვთ.
დღეს კი სულ სხვა გიორგი კობერიძეს გაგაცნობთ, კადრს მიღმა, ისეთს, როგორიც ჩვენთვის, მეგობრებისთვის იყო, ერთგული, უაღრესად კეთილი და ყოველთვის მზად გვერდში დგომისთვის. ისეთს, როგორიც კოლეგებისთვის იყო ღიმილიანი, სიცოცხლითა და იუმორით სავსე. არ არსებობდა, დახმარება გეთხოვა და მას პირადი საქმე გვერდზე არ გადაედო. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი. ქართულმა მედიამ კი პროფესიონალი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, კოლეგების გვერდში მდგომი ჟურნალისტი. მოკლედ, ჩვენი ღიმილის ბიჭი – გიორგი კობერიძე – ადამიანი, რომელიც ყველას უპირობოდ გვიყვარს და ყოველთვის ასე იქნება.